გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა – ამის შესახებ, საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს.
პროკურორის ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.
“მოწმემ ისაუბრა, როგორ დატოვეს მცხეთის ტერიტორია და როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისისაკენ და როგორ დაბრუნდნენ კვლავ მცხეთაში. ვახტანგ ჩიქოვანმა ისაუბრა მის ავტომობილში მყოფ პიროვნებებთან დაკავშირებით და მოახდინა საკუთარი თავის ჩათვლით ექვსივე პირის იდენტიფიცირება, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სხვა საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს, ის გაფრთხილებული არ იქნა ცრუ ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას სურდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. არაერთი ზარია ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონიდან “მერსედესის” მგზავრებთან – ნიკა ჟვანიასთან, ირაკლი მუმლაძესთან და სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, “ქამრიში” მყოფ არჩილ გაგნიძესთან განხორციელებული. მოწმე განმარტავდა, რომ აღნიშნული არ ახსოვს, არჩილ გაგნიძესთან ზარი ახსოვდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ ახსოვდა.
ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა, რომ “ქამრიში” მყოფი ყველა პირი გადმოვიდა ავტომობილიდან, თავდაპირველად განაცხადა რომ ქვეითად მყოფ პირებს, მათ შორის შაქარაშვილს დაედევნენ, თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ეს დადევნება არ იყო. ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება ძალიან კეთილშობილური იყო, მისი თქმით, ქვეითად მიმავალ პირებს ავტომობილი რომ არ დაჯახებოდათ, თურმე, ამ მიზნით მისდევდნენ მათ.
რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის წამოყვანას, ამ ეპიზოდზეც ბევრი დეტალი არ ახსოვს, თუმცა, განაცხადა, რომ ამირხანაშვილი საკუთარი ნებით წამჰოყვა. მოწმის თქმით, ფინანსური საკითხები გაარკვიეს, რამდენად ჰქონდა საშუალება, რომ ის დამოუკიდებლად წასულიყო, ასევე ტელეფონის საკითხები გაარკვიეს. ამირხანაშვილის ჩვენებით, თანხა მას ნამდვილად ჰქონდა, მან დიდუბეშიც გამოიძახა ტაქსი, სხვას 5 ლარიც ჩაურიცხა, რითაც დასტურდება, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება სინამდვილეა და შესაბამისობაში მოდის საქმის დეტალებთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს”, – აცხადებს გუგუტიშვილი.