მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ამასთან, დღეს საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები და გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულები დაიკითხებიან.
ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის ინფორმაციით, გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული 11-ვე ბრალდებული დაარღვევს დუმილის უფლებას და სასამართლოს ჩვენებას მისცემს.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც მითითებულია დასაკითხთა სიაში. ჩვენი მხრიდან, დაცვის მხრიდან დაიკითხებიან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები და ბრალდებულები, ასევე დაიკითხებიან გამოყოფილ საქმეზე არსებული ბრალდებულები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უნდა იქნას გამოძახებული ყველა, 11-ვე პირი გამოყოფილი საქმიდან. შესაძლოა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმაც მისცეს ჩვენება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამჯობინებთ, მივაწოდოთ ინფორმაცია სასამართლოს, გაეცეს პასუხი ყველა კითხვას. ყველა ბრალდებული, ჩემი ინფორმაციით, არის მზად, რომ დაიკითხოს სასამართლო სხდომაზე. ვერ გეტყვით, რომელი მისცემს რიგითობით ჩვენებას, რომელი ბრალდებული დაიკითხება, ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები. სასამართლოს სხდომაზე გაირკვევა, ვინ იქნება დასაკითხი პირი და ვინ მიაწოდებს ინფორმაციას“, – განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს აქვს კითხვები როგორც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ისე „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებთან.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.