ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“პარტიულ სიაში ჩასვა ქსენოფობი მოფაშისტო ელემენტები” – ოთო კახიძე სააკაშვილის გამოსვლაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კახიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა მემარჯვენე პრინციპებს უღალატა და თავს დაესხა “ევროპულ საქართველოს”.

“1 – ინაშვილის გზავნილი გაიმეორა, რომ აქეთ არის პუტინი და მეორეს მხრივ, თურმე დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს და სამუშაო ძალად ვჭირდებით; 2 –  “ასავალ-დასავალის” გზავნილით თავს დაგვესხა – ბოკერია ქრისტიანობას და ტრადიციებს ებრძოდა, მე კიდევ ჯვარს ვატარებდიო, მოგვახსენა. ლიბერალიზმს, უმცირესობების დაცვასა და სეკულარიზმს გაემიჯნა, ხმებზე სანადიროდ. 3 – მემარჯვენე პრინციპებსაც უღალატა და პირდაპირ კომუნისტური გზავნილებით შეუტია მდიდრებს, “ზემოგების” და მაღალი ხელფასების გამო ფინანსისტებს დაესხა თავს, ეგ მევახშეები, ეგენიო; 4 – გაყიდულები და გარიგებულები გვეძახა ყველა ჯერზე, როცა რამეში არ ვეთანხმებოდით: ა) პარლამენტში შესვლაზე; ბ) პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე; გ) ხელისუფლების არჩევნებით შეცვლაზე; დ) საგამოძიებო კომისიის შექმნაზე; ე) პროპორციულ არჩევნებსა და ა.შ. 5 – გიგი უგულავას, რომელიც სამ წლამდე ციხეში იჯდა საერთო პარტიულ საქმეზე, სამარტოო საკანში, გათავისუფლების გამო ბიძინასთან გარიგება დააბრალა; 6 – რეგიონებში ჩაშალა ოპოზიციის კოორდინაცია მაჟორიტარებზე, თბილისშიც ნაწილობრივ – ისანში და პირდაპირ განაცხადა, რომ არ აპირებს კოალიციის შექმნას სხვა პარტიებთან; 7 – პარტიულ სიაში ჩასვა ქსენოფობი მოფაშისტო ელემენტები, რომლებიც, მაგალითად, მას სომხობის დაბრალებით ებრძოდნენ – გუბაზ სანიკიძე; სისხლის სიწმინდით ამუნათებენ ოპონენტებს – მურმან დუმბაძე; ინაშვილი-თარხან მოურავის პუტინისტთა ალიანსს აფინანსებდნენ და მათი დეპუტატები იყვნენ – ნატო ჩხეიძე; და სხვა მედროვე, უპრინციპო ოპორტუნისტები ქოცური ბანაკიდან. ჰოდა, ჩემო მეგობრებო, პარალელები კი ნუ გიკვირთ – ფართოდ გაახილეთ თვალები და შეხედეთ რეალობას” – წერს ოთო კახიძე.

მისი თქმით, სააკაშვილი აღარ არის “ვარდების რევოლუციის” რეფორმების მემკვიდრე, რადგან ის სულ უფრო და უფრო ემსგავსება ივანიშვილს – ღირებულებებით, რიტორიკით, ერთპიროვნული მართვის სურვილით და უკვე სიითაც.

“ჩვენი ამოცანაა, რომ მოვიშოროთ ივანიშვილი და არ დავუშვათ სააკაშვილის გაპრემიერება, იმიტომ, რომ მას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებს და არა ქვეყნის წინსვლა. ეს არის ევროპული საქართველოს ხედვა და ეს არის სიმართლე”. – აცხადებს ოთო კახიძე.

იტვირთბა....