ბლოგები მედია მთავარი პოლიტიკა

მე მივდივარ იქ, სადაც ურთმელიძის ფიტულს დაწვავენ!

მე არ მომწონს “რუსთავი 2”. არ მომწონს, როცა მედიასაშუალების ხელმძღვანელის ბიოგრაფიის გრაფაში გენერალური პროკურორის მოადგილე ფიგურირებს. არ მომწონს, როცა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერთაგანი იყო, რომელმაც ტელეკომპანიას სპეცრაზმი შეუსია და ბრძანება გასცა დაეჩოქებინათ ჟურნალისტები. არ მომწონს, როცა ტელეკომპანიის პოლიტიკური მსოფლმხედველობა (რომელიც ჩემი აზრით, ყველა ნორმალურ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს) გოგლი-მოგლივით, რომელიმე პოლიტიკური გუნდის სტრატეგიასთან იგლისება. ანუ სცდება სარედაქციო პოლიტიკის ჩარჩოებს და ჩნდება რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ კონფორმისტული დამოკიდებულების ნიშნები.

მიუხედავად ამისა, ის რაც მოსამართლე ურთმელიძემ განჩინების სახით შექმნა, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის უპრეცენდენტო შემთხვევად. ყველა იურისტს, ვისაც ვკითხე, ცალსახად ამბობს, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული ურთმელიძის დასკვნის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა აღსრულების შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ უკანასკნელს რეალურად, ფუნქციას უკარგავს. ანუ ინსტიტუცია, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანი როლი უნდა ეკისრებოდეს დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში, იგნორირებულია. ასეთი ინსტიტუტის ნგრევა ავტომატურად, დომინოს პრინციპით გადადის სხვა ინსტიტუტებზეც, რამაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოიტანოს მომავალში.

ამით, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი არ არის ტელეკომპანიის ადმინისტრაციისა და მისი მენეჯმენტის ინტელექტუალური შესაბამისობა იმ საქმესთან, რომლითაც წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი, მიკერძოებულები იყვნენ ისინი თუ არა, დახეული ჯინსებით დადიოდნენ სამსახურში, თუ ყვითელი შორტებით, ნიუსების კეთების პარალელურად რომელიმე პოლიტიკური გუნდის პლატფორმას ატარებდნენ, თუ ჩრდილოეთ კორეის რომელიმე რედაქციის ეთიკის ნორმებით ხელმძღვანელობდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში შექმნილი პრეცენდენტი, რომელსაც ანარქიული შედეგებისკენ მივყავართ. ამ პრეცენდენტის დაშვება და მისი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ელემენტად მიღება, ისედაც განუვითარებელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კულტურის მქონე ქართულ საზოგადოებაში, აჩენს მაგალითს, რომ გარკვეული პრობლემის მოგვარებისათვის, ქვეყანაში არსებული კანონის გარეთ მოქმედება მისაღებია.

ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო მიმდინარე პროცესების საბოლოო შედეგები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრეცენდენტმა შექმნა დაუმორჩილებლობის განცდა თავად ტელეკომპანიის ადმინისტრაციაში. გენერალური დირექტორი არ აპირებს შენობიდან გასვლას, მიზეზად კი, ინსტიტუციის ნგრევას და დემოკრატიული პროცესების წინააღმედეგ დაშვებულ პრეცენდენტს ასახელებს. სამწუხაროდ, მართლაც მოსალოდნელია დაპირისპირება. არ არის გამორიცხული ფიზიკური დაპირისპირებაც კი. არადა სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ის შემთხვევა აღმოჩნდეს, როცა საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი მშვიდად შეხვდეს უკანონობის დაკანონებას. ანუ, შექმნილი პრეცენდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, უკვე იწყებს მოქმედებას.

ძალიან მძიმედ მისაღებია ასევე მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შინაარსი, რომელშიც იგი პირდაპირ საზღვრავს კონკრეტული მედიის სტრატეგიას და არგუმენტადაც იყენებს მას საბოლოო შედეგის დასაფიქსირებლად. დარწმუნებული ვარ, ურთმელიძის განჩინების შინაარსი კარგა ხანს იქნება როგორც შიდა, ასევე გარეთ, საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი. თავისუფლად შეიძლება ეს პრეცენდენტი გახდეს, მაგალითად freedom house-ის შესასწავლი ქეისიც, რომელიც საბოლოოდ აისახოს კიდეც მსოფლიო რუქაზე მედიის თავისუფლების ინდექსის კუთხით.

მოგვწონს ჩვენ “რუსთავი 2” თუ არა, საერთაშორისო საზოგადოება მსჯელობს და ანალიზს აკეთებს ზუსტად იმ შექმნილი პრეცენდენტების საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში ჩნდება. როგორც “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” (IAGJ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ორგანიზაცია “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ერთადერთი წევრია საქართველოში, პერმანენტული კავშირი მაქვს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და ვაწვდი მათ ქვეყნის მასმედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ რეალურ ინფორმაციას. ასე რომ, მომავალში ეს პრეცენდენტი წინ ნამდვილად არ წაგვწევს და საბოლოო ჯამში დამნაშავე იქნება ერთი პერსონა, რომელმაც გადაწყვიტა თბილ კაბინეტში ჯდომის ფასად სასწორზე დაედო საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. არვიცი რამდენად სანდოა თავად ნიკა გვარამიას ინფორმაცია, რომ თითქოს, ეს 17-გვერდიანი დოკუმენტი იუსტიციის მინისტრ წულუკიანის კაბინეტში დაიწერა, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დაარღვია კანონი, ვინც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.

საკმაოდ კვალიფიცირებული იურისტებიც კი ურთმელიძეს უკვე უწინასწარმეტყველებენ გისოსებიან მომავალს. თუმცა მანამდე, პირადად მე, როგორც ჟურნალისტს და როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, სურვილი მაქვს წავიდე აქციაზე, სადაც მოსამართლე ურთმელიძის მანტიაში გამოწყობილ ფიტულს საჯაროდ გამოიტანენ და დაწვავენ. მე აუცილებლად წავალ იქ, სადაც ურთმელიძის ფიტულს დაწვავენ!

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....