“პროკურატურისგან “შეთავაზება” მივიღე, მობილურის პაროლი მოგვეცი, ამ ინფორმაციას ამოვიღებთ იქიდან და შევინახავთ ჩვენს სერვერებზე, თუ დათვალიერებისას რამე საეჭვოდ მოგვეჩვენაო” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც პროგრამისტი ამბობ, მონაცემებში, რომელსაც მისგან საგამოძიებო უწყება ითხოვდა, არა მხოლოდ მისი, არამედ, ძალიან ბევრი ადამიანის პირადი და სენსიტიური ინფორმაციაა.
“მეტრონომი” გიორგი ლუბარეცის “ფეისბუქ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
,,- WhatsApp ჩატები (ყველა ადამიანთან)
– Viber ჩატები (ყველა ადამიანთან)
– Slack ჩატები (ყველა ადამიანთან)
– Facebook Messenger ჩატები (ყველა ადამიანთან)
– SMS-ები (ყველა ადამიანთან)
– ყველა სხვა მესენჯერის ჩატები
– GPS გადაადგილების ისტორია
– ზარები
– კონტაქტები
– სურათები
– ვიდეო ფაილები
– აუდიო ფაილები
– ინტერნეტ ბრაუზერის ისტორია
– ბრაუზერში შენახული პაროლები
– ბრაუზერში შენახული საბანკო ბარათები
– ყველა სხვა აპლიკაციაში შენახული მონაცემები (მათ შორის, 3 სხვადასხვა ბანკის აპლიკაცია)
– ყველა სხვა ინფორმაცია, რაც მობილურზე ინახება, სრულად.
აქედან ყველაფერი ჩამოთვლილი არ იყო. მესენჯერები იყო ჩამოთვლილი ძირითადად და ბოლოში “მობილურზე შენახული ყველა სხვა ინფორმაცია”. ეს ბოლო გავშალე, რაც ჩემს ტელეფონზე ინახება.
ეს მონაცემები შეინახება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სერვერებზე უვადოდ.
ამ მონაცემებში არის ძალიან ბევრი ადამიანის პირადი და სენსიტიური ინფორმაცია. არა მხოლოდ ჩემი.
სახელმწიფო ინსპექტორმა დაწერა ანგარიშში 2019 წელს, რომ საგამოძიებო უწყებებს აქვთ ფიზიკურ პირებზე საკმაოდ მოცულობითი და სენსიტიური შინაარსის მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ეს მონაცემები ინახება უვადოდ.
აუცილებლად გავარკვევ, რამხელა მოცულობაზეა საუბარი და რამხელა ბაზები აქვთ.
პაროლის გადაცემის შემთხვევაში, ჩემი და ჩემთან კონტაქტის მქონე პირების სენსიტიური პერსონალური ინფორმაციაც შეიძლება, რომ იგივენაირად შეინახონ იქ და გამოიყენონ უვადოდ, ნებისმიერი საფუძვლით და ნებისმიერი მიზნით.
ამ მონაცემების მოთხოვნის ერთადერთი საფუძველი პროკურატურას აქვს ის, რომ 22 ივლისს ინტერნეტში რუკებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთი ლოკაცია, რომელიც დავათვალიერე, აღმოჩნდა ის, რომელიც ვიღაცამ ჟურნალისტ ელისო კილაძეს გადასცა ვოთსაფით.
ამ რუკებს ათვალიერებდა უამრავი ადამიანი. ამ საქმეზე ინფორმაციას ეძებდა უამრავი ადამიანი. ჩემ მიერ დასერჩილი ლოკაცია იყო საჯარო და ხალხი საჯაროდ ლაპარაკობდა ამ ლოკაციაზე.
თითქმის იგივენაირად, როგორც შაქარაშვილის საქმეზე “ქებაბ ჰაუსი” დასერჩა თითქმის მთელმა ქვეყანამ.
შევთავაზე მხოლოდ ვოთსაფის გახსნა, მაგრამ არ იყო საკმარისი ეგ.
ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას. მათ შორის, ჩემი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე დავეხმარე და ავუხსენი, რაც არ იცოდნენ. არც ეგ იყო საკმარისი.
მოსამართლემ ამ აბსურდზე ხელი მოაწერა.
ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების რეალური და ეფექტური გზები არ არსებობს (მაქსიმუმ პროკურატურას შემიძლია ვუჩივლო, პროკურატურაში).
რა თქმა უნდა, პაროლი არ მიმიცია. არ ვაპირებ, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების პერსონალური მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში და დამუშავებაში კონტრიბუცია გავაკეთო. მითუმეტეს მაშინ, როცა არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, არც ის გამიკეთებია, რისი ეჭვიც აქვთ და არც იმ ადამიანზე აქვთ ამხელა მონაცემების შეგროვების კანონიერი საფუძველი, ვინც გააკეთა.
არც ერთი ადამიანის შესახებ არ უნდა ინახავდეს სახელმწიფო ასეთი მასშტაბების ინფორმაციას უვადოდ და უამრავი თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომად.
ვისაც გაქვთ რამე ინფორმაცია ან თქვენზე, ან ნაცნობებზე, რომლებსაც იგივენაირად მოპარა სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია, მითხარით. ყველასთან ვიმუშავებ, რომ ასეთი რაღაც აღარ ხდებოდეს. არავინ იცით, როდის და რისთვის გამოიყენებენ ამ ინფორმაციას და რა საფუძვლით” – წერს ლუბარეცი სოციალურ ქსელში.