ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ხალვაში, აქიმიძე, საყევარიშვილი და დვალი, ივანიშვილის პაიკები არიან
“რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გრძელდება. იქ კვლავ არიან შეკრებილები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში არ გამოჩენილა. შენობასთან ხალხის გარდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში, „მეტრონომი“ “რუსთავი 2”-ის ეზოში ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად აქციას ესწრებოდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელსაც ფორმალურად მოსამართლედ წოდებული ურთმელიძე აწერს ხელს, პრაქტიკულად გვითხრეს, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუცია არ არსებობს. ანუ ივანიშვილმა ჩვენს თვალწინ კონსტიტუცია უბრალოდ დახია და თქვა: აი, როგორც ჭორვილაში მაქვს ჩემი ეზო, ისე მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩემი ეზო.
“მეტრონომი”: ფიქრობთ, რომ ეს პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: რა თქმა უნდა. ის პირადად მართავს ამ პროცესს. იმიტომ რომ იცის – მისი ძალაუფლება და ფორმალური მმართველობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას თუ ვერა. თავისუფალ სიტყვაში მარტო რუსთავი-2 არ იგულისხმება, არამედ რუსთავი-2 და პოლიტიკური ოპოზიცია ერთად აღებული, რადგან რუსთავი 2 ყველაზე პოპულარული არხია, რომელსაც ივანიშვილისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. მას ასეთი სარედაქციო პოლიტიკის არსებობა არ უნდა. ხალვაში, აქიმიძე, საყევარიშვილი და დვალი აქ უბრალოდ ივანიშვილის პაიკები არიან; მთავარი ის კი არ არის, ფორმალურად ვინ იქნება მესაკუთრე, არამედ ის, თუ რა სარედაქციო პოლიტიკა იქნება რუსთავი 2-ში.
“მეტრონომი”: თქვენი აზრით, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: იმ ადამიანის მხრიდან, ვისთვისაც კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, კარგს რომ არაფერს უნდა მოელოდე, მგონი ამას ყველა მიხვდება. ამიტომ, კონკრეტულად რას მოიმოქმედებენ არ ვიცი – ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ფინანსურად მოგუდავენ რუსთავი 2-ს, სპეცნაზით მოვლენ აქ, თუ „ტიტუშკებს“ მოაგზავნიან, ჩვენ აქ ვდგავართ და ვიცავთ არამარტო რუსთავი 2-ს, არამედ სიტყვის თავისუფლებას და ახლა უკვე კონსტიტუციასაც.