რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას, მოსკოვში სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს, არასრულად სრულდება და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
„თქვენი ვიზიტი საკმაოდ ადრე დაიგეგმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევის ფონზე, რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი და ძალისხმევის ფონზე, რომ მოიხსნას დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. გასულ პარასკევსა და შაბათს, ყოველ შემთვევაში, შაბათის გარკვეული ნაწილი ჩვენ ამ შენობაში გავატარეთ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება და საბრძოლო მომქედებები კვლავ მიმდინარეობს“, – განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, მოსკოვში, გასულ კვირას სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა, გადაწყდა, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან მხარეები შეწყვეტდნენ ცეცხლს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.