„მე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ გამოვაცხადე, რომ გამარჯვებული ვარ“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა პრესკონფერენციაზე. ხალვაშმა ასევე თქვა, რომ თუ ყველა ინსტანციას მოიგებს, თავისი წილის ნახევარს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს გადასცემს.
სამართლებრივ საკითხებზე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამაც ისაუბრა.
„ტელეკომპანია იმართება იმ ადამიანებისგან, რომელთაც არანაირი სამართლებრივი კავშირები არ აქვთ კომპანიასთან. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი მიგვემართა სასამართლოსთვის“. – განაცხადა სალიამ.
„ეს არ არის დაუყოვნებლივ აღსრულება. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ არა დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის ამოქმედება, რომელიც კრძალავდა დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, ანუ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჯერ არ არის მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად. სწორედ ეს საპროცესო გადაწყვეტილრბა გამოიყენა ჩვენმა მხარემ.“ – ასეთი განცხადება გააკეთა ხალვაშის ადვოკატმა.
ხალვაშმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს არ შეასრულონ დავალებები „რუსთავი 2“ -ის ძველი ხელმძღვანელებისგან, რადგან მათი ყველა ქმედება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, არის უკანონო.
“რუსთავი 2”-ის ახალმა ხელმძღვანელებმა გარანტია მისცეს ჟურნალისტებს, რომ მათ ექნებათ თავისუფლად მუსაობის საშუალება და არანაირ ცენზურას არ ექნება ადგილი.