საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს.
ჰერმანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ შედის კონკრეტული საქმეების დეტალების განხილვაში, თუმცა ესა თუ ის საქმე მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ ვითარებაზე.
“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უშუალოდ აღსრულება გადაწყვეტილების, მათ შორის, “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ არ დაიწყება. ასევე “რუსთავი 2″-ს აქვს საშუალება, რომ შეიტანოს საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაველოდოთ ამ პროცესს”, – თქვა იანოშ ჰერმანმა და დასძინა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მედიათავისუფლების პრინციპების ერთგულება და ამ მიმართულებით არაერთხელ გაუწევია დახმარება საქართველოსთვის.
„მნიშვნელოვანია, არა მარტო შენარჩუნდეს ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით, არამედ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას მათი განვითარების მიმართულებით“, – თქვა იანოშ ჰერმანმა.