შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. შსს-ს ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.
პოლიციის თანამშრომელს Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. გარდაცვლილი Covid-19 რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს” – ნათქვამია ინფორმაციაში.