თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. იგი იმ დღის დეტალებს იხსენებს, როდესაც თვითმკვლელობა სცადა. მან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ “TV პირველს” მისცა. მან თვითმკვლელობამდე მიყვანაში ზურაბ ბექაური დაადანაშაულა, რომელიც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირია.
როგორც ხუმარაშვილმა განაცხადა, ბექაური სისტემატიურად აიძულებდა მიეწოდებინა ინფორმაცია მეჭიაურის გადაადგილების და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. 17 სექტემბერს კი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც 22 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა.
“სანამ გავიდოდი, დავინახე, რომ დედაჩემიც გარეთ იყო. როცა გავედი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ზურამ ნაბ***ი მიწოდა. მივუახლოვდი და ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. ვუთხარი, ჩაჯექი მანქანაში, რა სუნი აგდის-მეთქი და მერე ვილაპარაკოთ. ამ სიტყვების მერე უკვე ფიზიკურად მომაყენა შეურაცხყოფა. მეც ხელით შევეხე და მოგვივიდა ჩხუბი.
ის მუქარით წავიდა ჩემგან. ახლა ნახე შენ რას გიზამო. მას გუბერნატორთანაც აქვს შეხება, სუს-თანაც აქვს შეხება, როგორც ჩემთან აქვს ნათქვამი. ეტყობოდა კიდეც, რომ ეგეთი პიროვნება იყო, რომ ისეთ ადამიანებთან ჰქონდა კავშირი, რომლებსაც შეეძლოთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამე გაეკეთებინათ ჩემთვის ისე, რომ არავის არაფერი გაეგო. ჩემი ოჯახის წევრების დაზიანების უფრო შემეშინდა. ამ გათიშულზე სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე” – ამბობს ხუმარაშვილი.
17 სექტემბერს ახალგაზრდამ ხელი ოთხ ადგილას გადაისერა და შემდეგ თავის ჩამოხრჩობა სცადა. ხეზე ჩამოკიდებული ის დედამ იპოვა.