ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, დენი 6-7 თეთრი ეღირებოდა”

ტარიფის დაწევის მოთხოვნით „ლეიბორისტებს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

„ლეიბორისტული პარტია“ სასამართლოში დენის ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით  სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ლეიბორისტული“ პარტიის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა და ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის გარეშე აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას გააჩნია კანონზე ზემდგომი უფლება და შესაბამისად, ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არის ბათილი“ – განაცხადა ნათელეშვილმა.

მშრომელთა პარტიის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის ტარიფთან დაკავშირებით მიღებული უკანონო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

„მეტრონომი“ „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით რა მოლოდინები აქვთ პარტიაში სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შესატყვისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა თუ არ იქნება შესწავლილი საზოგადოების სოციალური მდგომარეობა. როგორც ვნახეთ  „სემეკმა“ ისე მიიღო ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია  სოციალური მდგომარეობა და მეტიც,  გაანგარიშებაც კი არ  მომხდარა.  მან პირდაპირ ასახა მთავრობაში მყოფი ენერგომაფიოზების სურვილი ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს თუ ნამუსი არ დაუკარგავს, უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, უნდა გააუქმოს სემეკის ბანდიტური გადაწყვეტილება, რომლიც შესაბამისადაც ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა საქართველოში“. – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

„მეტრონომის“  კითხვაზე რა ნიშნულზე იქნებოდა ელექტროენერგიის ტარიფი, „ლეიბორისტული პარტია“  ხელისუფლებაში რომ იყოს, გუგავამ გვიპასუხა: “ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, დენი 6-7 თეთრი ეღირებოდა”

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....