„დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა, თუმცა თითოეული ქვეყნის შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება. გამოცემის ცნობით, გერმანია გაფრთხილებას ძალაში ტოვებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ჩინეთი, კანადა, რუანდა და ურუგვაი.
ცნობისათვის, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გერმანიამ ევროპის 11 ქვეყნისთვის მთლიანად ან ცალკეული რეგიონისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოაცხადა. მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდნენ ბელგია, ისლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, უნგრეთისა და რუმინეთის ნაწილები.
შეგახსენებთ, გერმანია მაღალი რისკის ჯგუფად თვლის ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბოლო 7 დღის მანძილზე, 100 000 მოსახლეზე 50 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა.