მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას სასამართლოს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ამირხანაშვილის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა ქამრიში” არჩილ გაგნიძის მითითებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაჯდა.
„თავდაპირველად გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში და ჩაჯდა. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ. მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, მას არ სურდა ჩაჯდომა. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა” – განაცხადა ხუციშვილმა.
კითხვაზე, ჰკითხა თუ არა მას არჩილ გაგნიძემ, „შაქარაშვილმა ცურვაც ისევე კარგად იცოდა თუ არა, როგორც სირბილი”, ადვოკატი პასუხობს, რომ ამირხანაშვილმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
„ეს დაადასტურა, გაიმეორა, ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, “როგორ კარგადაც იცის სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო” – აცხადებს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ იცოდა და პოლიციაშიც ამიტომ არ დაურეკავს.