იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს.
რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„ხაზგასასმელია, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში“. – აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, პირველიდან მეექვსე კალასის ჩათვლით მოსწავლეებს, დიდ ქალაქებში საშუალება აქვთ, სწავლა დისტანციურად განაგრძონ.