“განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია, მეტიც, საპატრიარქოს კუთვნილებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი.”
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე – საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურის ანახმად, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.