პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მთავრობის საერთო მოწოდება არის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მეტი დრო და რესურსი იყოს გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესშია, რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს.
„მეზობელ ქვეყნებში, ჩვენს რეგიონში განვითარებულ ძალიან რთულ პროცესს ყველა აკვირდებით. ამჟამად მიმდინარეობს ძალისმიერი შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ჩვენი საერთო მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მეტი დრო და რესურსი იყოს გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
იცით, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. ცხადია, ჩვენ ვუერთდებით საერთაშიროსო თანამეგობრობას ამ მოწოდებებში. იცით, რომ საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებაში გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ჩვენს პოზიციებს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის. ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან. ვაანალიზებთ სიტუაციას, პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.