სასაზღვრო პოლიციაში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
რუსული მხარის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე ახალი საგუშაგო გაიხსნა, რომელზეც რუსეთის დროშა ფრიალებს. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინის განცხადებით, კურორტის მაკეტი უკვე მზად არის „მამისონი, ყველაზე ამბიციური პროექტია ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე. კურორტი უკვე დაგეგმა ავსტრიულმა ფირმა გეისლერ ანდ ტრიმელმა, ეს ფირმა ოთხ ვარსკვლავიანზე ნაკრებ პრესტიჟულ პროექტებს ხელს არ კიდებს, მათი აშენებულია სპორტული ქალაქი ნიურბურგრინში და ასევე მიუდნენ ისინი დასვენების ორგანიზებას ოსეთში. საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში კი მამისონის უღელტეხილის დაკავების და საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
“მეტრონომი” დაინტერესდა ამ ინფორმაციით და “ლეიბორისტული პარტიის” წევრს გიორგი გუგავას დაუკავშირდა, რომელმაც გაავრცელა განცხადება, რომ მამისონის უღელტეხილი რუსებმა დაიკავეს.
“მეტრონომი”: მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით თქვენ განაცხადეთ, ზუსტად იცით, რომ რუსებმა მამისონის უღელტეხილი დაიკავეს…
გუგავა: დიახ, დიახ, რუსებმა დაიკავეს მამისონი და იქ რუსული დროშა ფრიალებს.
“მეტრონომი”: ვცდილობ გადავამოწმო ეს ინფორმაცია და არავინ მიდასტურებს. საიდან გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია, იქნებ დამაკვალიანოთ?
გუგავა: რადიო თავისუფლების ვებ გვერდზე შედით და იქ დევს ეს ინფორმაცია
“მეტრონომი”: როგორ წარმოგიდგენიათ, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები და თან ოკუპაცია?
გუგავა: ჩვენ გვყავს ხელისუფლება,რომლისთვისაც არის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნება. სულ არ ადარდებს მცოცავი ოკუპაციის და იმ სტრატეგიული სიმაღლეების დაკარგვის, როგორიც არის მამისონი. ამ დროს ხელისუფლება დაკავებულია “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდებით, დაკავებული არის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით და ამით ცდილობს მოწყვიტოს საზოგადოება არსებით პრობლემებს, სასიცოცხლო მნიშვნელოვან პრობლემებს, სახელმწიფოებრივ პრობლემებს, როგორიცაა ოკუპაციის პროცესი, როგორიცაა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. ერთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა ამის შესახებ და ზოგადად ცდილობენ მაქსიმალურად თავი აარიდონ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც განცხადებების გაკეთებას. ახლა ამათგან, რომ კონკრეტული ქმედება და რაიმე ღონისძიებების გატარება, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში წინ წაწევდა ქვეყნის ინტერესებს, პრობლემის გადაწყვეტისკენ იქნებოდა ნაბიჯი გადადგმული, ბუნებრივია გამორიცხულია, მაგრამ თავმოყვარეობაც არ აქვთ უკვე და ღირსება დაკარგულები არიან უკვე… განცხადებებსაც კი არ აკეთებენ.
ანუ, პირდაპირ კავშირს “გაზპრომზე” მოლაპარაკებებსა და მამისონის დაკავებას შორის ახლა ვერ ვხედავ. არ მგონია, იმიტომ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეა და უკითხავად დაიკავეს ეს სიმაღლე. თბილისიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. შეიძლება შეთანხმებულებიც იყვნენ მე ამას არ გამოვრიცხავ.