ლაშა ტუღუში თვლის, რომ ახალი საბჭო “რუსთავი 2”-ს მეტად დაეხმარება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადების შემდეგ, რომელიც ე.წ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას უკავშირდება, „მეტრონომი“მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს დაუკავშირდა.
„საზოგადოებრივი საბჭო მეთვალყურეობას გაუწევს იმ შინაარსს, რასაც რუსთავი 2 -ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს“ – განაცხადა კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა.
ლაფერაშვილმა დაასახელა საბჭოში შემავალი არასამთავრობოებიც: საია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, IDFI, მედიის განვითარების ფონდი, სიდა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი ინტერნიუსი, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
„მერტონომი“: “რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დააანონსა „საზოგადოებრივი საბჭოს“ შექმნა. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული საბჭო არხს რეკომენდაციებს მისცემს საზოგადოებრივ – პოლიტიკური მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მოუტანს ეს საბჭო „რუსთავი 2“-ს?
ლაშა ტუღუში: „ტელევიზიის გადასაწყვეტია ასეთი ტიპის საბჭოს ჩამოყალიბება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ვითარებაშიც დღეს არის ტელევიზია, ვფიქრობ, ისინი დაეხმარებიან „რუსთავი 2″-ს იყოს უფრო მეტად ხარისხიანი და დაბალანსებული. რაც შეეხება ეფექტურობას, საჭიროა ვიცოდეთ რა კომპეტენცია ექნება ამ საბჭოს. მათი რეკომენდაციები რამდენად ეფექტურად იქნება იმპლემენტირებული თვითონ ტელევიზიის მიერ. იდეა საინტერესოა, თუმცა სარგებლიანობის საკითხზე სასაუბროდ მეტი ინფორმაციაა საჭირო. როგორც ვხვდები ეს არ არის მმართველი ორგანო, რედაქტორების საბჭო, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას რა გაშუქდეს და რა არ გაშუქდეს. ესენი არიან ადამიანები რომლებიც მისცემენ რჩევებს, დააკვირდებიან და დაეხმარებიან ტელევიზიას. ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის მხრიდან ეს გასაგები გადაწყვეტილებაა ამ ვითარებაში.“
„მეტრონომი“: როგორც იურისტს როგორ წარმოგიდგენიათ რა სისტემითა და სტრუქტურით უნდა იმუშაოს საბჭომ?
ლაშა ტუღუში: ეს არის მათი შიდა საქმე, და ამ საკითხზე განცხადების გაკეთება მიჭირს.
„მეტრონომი“: როგორც ვიცით „რუსთავი 2 -ის საქმეზე აღსრულება შეჩერებულია, სანამ ეს საქმე ყველა ინსტანციას არ გაივლის. როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ამ საქმეს?
ლაშა ტუღუში: რთული კითხვაა, ეს დამოკიდებულია სასამართლოების გადაწყვეტილებების სიჩქარეზე. აპელაცია და უზენაესი სასამართლო ითხოვს უფრო მეტ დროს. საქალაქო სასამართლომ რეკორდულად სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ბევრს გაუჩინა კითხვა, რამდენად სწორია, როცა პროცესი ასეთი სწრაფია და მხარეებს არ ეძლევათ საშუალება უფრო მეტი არგუმენტაცია წარმოადგინონ.
მეც ვფიქრობ, რომ ურთმელიძემ ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ ინსტანციებს, შესაძლოა აღნიშნული პროცესები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაიწელოს. არსებობს სტრასბურგის შესაძლებლობაც, რომელიც ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს.
მნიშვნელოვანია, რომ თუ სტრასბურგში წავა საქმე, იყოს ძალიან დასაბუთებული. ისეთი, რომელიც სახელმწიფოსთვის არ იქნება საჩოთირო. თუ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგში გადაიხედება, ეს თავისთავად ცუდია ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, შემდგომი ინსტანციები უნდა იყოს უფრო ნელი. მე სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ვერევი. თუმცა ვისურვებდი შემდგომმა ინსტანციებმა უფრო საფუძვლიანად განიხილონ აღნიშნული საქმე, რადგან, „რუსთავი 2“ -ის პროცესი გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ვისაც კავშირი აქვს პოლიტიკასთან ამაზე განცხადებებს აკეთებს.