ბლოგები მთავარი პოლიტიკა

როდის გახდება კალაძე ტიტულოვანი ქართველი პოლიტიკოსი?

ვაჟაზე, ძეგლთან ვცხოვრობ. დენი პერიოდულად მეთიშება ხოლმე და პერსონა, რომელიც ეგრევე მახსენდება, კალაძეა. იმ დღესაც წვერი ვერ გავიპარსე. ბნელოდა სააბაზანოში. ისევ კალაძე გამახსენდა. გაბრაზებულმა ვიფიქრე, რამეს დავწერ მეთქი, მაგრამ სახლიდან გამოსული არ ვიყავი, დენი მოვიდა და გადამიარა. იგივე განმეორდა მეორე დღეს. ისევ გადამიარა.

ამასწინათ, ენერგეტიკის მინისტრის კომენტარს მოვუსმინე. ამბობდა, ჭორია, არავითარი გრაფიკი არ იქნება საქართველოში, ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, ჭორებს მივრცელებენო.

თუ რას ნიშნავს გრაფიკი, განმარტებას არ დავიწყებ. ძალიან მარტივად ვიტყვი: ბატონო კახა, პერიოდულად დენის გათიშვას გრაფიკი ეწოდება. იტყუება თუ არა ვიცე-პრემიერი ვაჟას ძეგლთან მაცხოვრებლებმა კარგად იციან. მე კი კალაძის ტყუილებზე რომ მელაპარაკებიან, იაფი ფული მახსენდება და “გაზპრომი”.

დენის გრაფიკზე და კალაძის ტყუილებზე წერის გაგრძელებას არ ვაპირებ. არც ვაპირებდი (სხვათაშორის, ვაჟას ძეგლთან დღეს დენი არ გათიშულა), მაგრამ გუშინდელმა კალაძის კომენტარმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის პოზიციაზე, გადამაწყვეტინა დამეწერა.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ქალაქ კრაკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა და იქაურმა სტუდენტებმა მას აზრი საქართველოს ხელისუფლების “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს. მან პირდაპირ თქვა, რომ პროცესებს ნეგატიურად აფასებს და რომ, ეს არის ხელისუფლების მინუსი. როგორ არ დავეთანხმო დუმბაძეს, როცა ის თოფაძეს და მეჭიაურს სხვა ეპოქის შვილებად მოიხსენიებს. პირადად მე, მის ამ გამონათქვამში ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პერსონები დავინახე. ის ადამიანები დავინახე, რომლებიც კონკრეტული პიროვნებების ფეტიშს ოდითგანვე არიან ნაჩვევი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ჩვევა დღესაც აქვთ მათ გასისხლხორცებული.

დუმბაძის ამ განცხადების შემდეგ, პოლიტიკოსი კალაძე გაბრაზდა. გადაავიწყდა დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსულს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მისი გავრცელების უფლება და ის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნის მხრიდან კონსტიტუციით განსაზღვრული მოქმედებების იგნორირება, რბილად რომ ვთქვათ, ზნეობრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება.

კალაძემ გელა დუმბაძეს “გაკოტრებული პოლიტიკოსი” უწოდა. მე ახლა, “პოლიტიკოსი კალაძის” ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და მისი პიროვნების გაფილოსოფოსება რომ დავიწყო, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი მწარედ დამცინებს.

გადავქექე უახლოესი ისტორია. კალაძის პოლიტიკური განათლების შესახებ ინფორმაცია ვერსად აღმოვაჩინე. ინტერნეტის დახმარებით, სამტრედიიდან მილანამდეც კი ვეძებდი შესაბამის პოლიტ-საგანმანათლებლო ქოხისმაგვარს, სადაც შევძლებდი კალაძის გვარის პოვნას მაგრამ… ამაოდ

და მაინც, სად დაიბადა კალაძე როგორც პოლიტიკოსი? ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც მან პრეზიდენტ სააკაშვილს გირგვლიანის შესახებ მწვავე კითხვა დაუსვა? თუ იქ, სადაც მილიარდებით აშენებულ პოლიტიკურ არენაზე, სოლოლაკის მაღალი პოლიტიკური ტრამპლინიდან, მთავარ კალატოზთან ერთად იგეგმებოდა ზღაპარი “იაფი ფულის” შესახებ?

ნამდვილად არ ვაპირებ გელა დუმბაძისა და კახი კალაძის პოლიტიკური მოღვწეობის შედარებითი დახასიათების წერას. უბრალოდ, რახან მაღლა, კალაძის “მდიდარ პოლიტიკურ წარსულს” შევეხე, მინდა დავიცვა ბალანსი და რამდენიმე სიტყვა გელა დუმბაძის მცირე პოლიტიკური ისტორიის შესახებაც ვთქვა.

ვინ არის გელა დუმბაძე? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ იგი ეროვნული მოძრაობიდან მოდის. 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი აქტიური ჩართულობა დამიდასტურეს კიდეც მეგობრებმა, რომლებიც ასევე აქტიურები იყვნენ იმ პერიოდში. ამის შემდეგ, 1998-99 წლებში იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. 1999-2000 წლებში პრესცენტრის ხელმძღვანელია. 2000-2001 წლებში გადაჰყავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2001-2005 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველია. 2005-2007 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 2009 წლებში რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2009-2013 წლებში უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2014 წლებში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. 2014 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა, ხოლო 2014 წლის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 2007 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

მოკლედ, საზოგადოება თავად განსჯის ვინ არის ამ ორ პერსონას შორის პოლიტიკოსი და “გაკოტრებული პოლიტიკოსის” რანგის მინიჭება მათ შორის, უფრო ვისი პრეროგატივა შეიძლება იყოს?!

თუმცა, მთავარი ჩემთვის ეს არ არის. ჩემი მთავარი წუხილი ისევ ყბადაღებულ “გაზპრომის” თემას უკავშირდება, რომელიც ჩემი ქვეყნის მომავლისა და მისი სასიცოცხლო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია. კალაძეს კი აქ, მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მან თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო და იმედი მაქვს მომავალში მზად იქნება კიდეც, აგოს პასუხი იმ ადამიენების წინაშე, რომლებმაც იგი დაიქირავეს.

როცა “გაზპრომის” ავკარგიანობაზე მიდის ხოლმე საუბარი, ჩემი ბავშვობა მახსენდება. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, კანცელარიის გვერდით, ვეკუაში ვსწავლობდი და სკოლიდან გამოპარული, ხშირად დავდიოდი ახალდაწყებული ეროვნული მოძრაობის მიტინგებზე. თვალწინ მიდგას 9 აპრილის დილა, ძველი პარლამენტის შენობის წინ ძონძებით დანაგვიანებული პროსპექტი, დენთისმაგვარი უცნაური სუნი და შიში, რომ წინა ღამით მომხდარი ამბების შემდეგ, ინფორმაცია დაღუპული გმირების რაოდენობაზე კიდევ არ გაზრდილიყო. რუსული ნიჩბების შესახებ საუბრობდა მაშინ ყველა. ტანკების ხმაური კი აიძულებდა შეშინებულ საზოგადოებას სახლებში შემალულიყვნენ.

შემდეგ იყო ომი აფხაზეთში და სამაჩაბლოში. მახსოვს, რა კარგად ინიღბებოდა აფხაზი ხალხის უკან რუსული ჩექმა, რომ თითქოს აფხაზი ხალხი ომობდა ქართველების წინააღმდეგ, რომ თითქოს რუსები არ ამარაგებდნენ იარაღით ბოევიკებს, რომ თითქოს თავად არ იყვნენ ბოევიკები, რომ თითქოს რუსები არ ესროდნენ ქართველ ხალხს, რომ თითქოს ეს არ იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ თითქოს, ეს იყო მხოლოდ აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირება  და ა.შ.

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, უახლოესი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიის დეტალებზე წერა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომს გავიხსენებ. დაიწყო უკვე საუბრები საერთაშორისო სამართლის დონეზე, რომ ადგილი ჰქონდა ქართველების გენოციდს რუსი სამხედროების მხრიდან.

ზედა სამი აბზაცი მინდა კარგად გადაიკითხოს, პირველ რიგში, კალაძემ და მერე იმან, ვინც ასე გამალებით ცდილობს დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ “გაზპრომი” არ არის რუსული იარაღი და იგი უსაფრთხოა, რომ კრემლი და რუსული ტანკი ყვავილებისა და მშვიდობის სიმბოლოა, რომ “გაზპრომის” მილებიდან დენთის სუნი არ ამოდის… იქნებ, ბოლოს და ბოლოს, უახლოესი ისტორიიდან (ისევ ზედა სამი აბზაცი) რუსების მიერ ქართველების დაღვრილი სისხლი მაინც გაიხსენოთ და ადეკვატური ანალიზი გააკეთოთ, რომ რუსეთთან და ზოგადად, ნებისმიერი სახის რუსულ იარაღთან თამაში საშიშია.

და ბოლოს, ისევ კალაძეს მინდა მივუბრუნდე. ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. ყოველთვის ვადევნებდი და ვადევნებ თვალს სპორტის ამ ყველაზე პოპულარულ სახეობაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ კახი კალაძე ახალგაზრდობაში ერთ-ერთი გუნდიდან გამოაგდეს კიდეც იმ მოტივით, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. მაგრამ… მან მოინდომა და დაუმტკიცა ყველას, რომ თუკი ადამიანი გულით მოინდომებს მიაღწიოს მიზანს, აუცილებლად მიაღწევს. მან დაამტკიცა და გახდა კიდეც ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. აი, ქართულ პოლიტიკას კი პატრონი არ ჰყავს. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც გამოაგდებს კალაძეს დიდი პოლიტიკიდან… არა იმიტომ რომ ვინმე ბოროტად არის განწყობილი მის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკიდან გაგდების შემდეგ. იქნებ მან აქაც მოინდომოს და გახდეს ძლიერი, გახდეს ტიტულოვანი ქართველი პოლიტიკოსი, რომ ისევ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები აკეთოს…

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....