კალაძის ცოლისძმის ყოფილი მოადგილე ექს-შეფის წინააღმდეგ გამოდის
“მერიის ჩინოსანს, გიორგი არეშიძეს დიდი დრო ჰქონდა საზოგადოებისთვის დაემკიცებინა რომ დიპლომი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა“ – განაცხადა “მეტრონომთან” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა გიორგი არეშიძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
“გიორგი არეშიძე შაორის ბანაკზე შემჩნეული იყო კორუფციულ გარიგებებში და მასზე მედიატორმა პროკურატუაში შეიტანა საქმე.. ამიტომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო მისი გათავისუფლება…. ქალაქ თბილისის მერიას კოლექტიური ნარმანიები მართავენ იმიტომ, რომ მერიის განათლების სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძის უდიპლომობა ვერ გამოარკვია იმიტომ, რომ თავად იყო გაუნათლებელი, ეს ფაქტი მედიატორმა გამოააშკარავა.”
მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გიორგი არეშიძემ საკუთარ მეგობარს ომარ გოგუაძეს ახალგაზრდული ბანაკის გახსნისთვის 95 300 ლარი ტენდერის გარეშე ჩაურიცხა. კახა კალაძის ცოლისძმამ არასამთავრობოებს მედიის საშუალებით უპასუხა და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
შეგახსენებთ, თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თანამდებობებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დატოვებენ.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი, თავის დროზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, რომელმაც თანამდებობა პირადი მიზეზით დატოვა.
“არ ვაპირებ იმ დედაქალაქის მერთან და გუნდთან მუშაობას, რომლებიც თბილისელებზე ზრუნვის გარდა ყველაფერს აკეთებენ, ამიტომ, მე ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას” – ასეთი განცხადება გააკეთა ხაბეიშვილმა მერიიდან წამოსვლის შემდეგ.
თავად არეშიძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
“კახი კალაძის ცოლისძმისთვის პირადად მინდოდა მეთქვა, რომ ის ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ არ იქნება ყურადღებით, შექმნის ყველა დოკუმენტს იმისთვის, რომ ხვალ, როცა პოლიტიკური გარემო შეიცვლება, მის წინააღმდეგ შესაძლოა დაიწყოს პოლიტიკური დევნა” – განაცხადა ხაბეიშვილმა თანამდებობის დატოვებისას.
ლევან ხაბეიშვილი 2014 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მონიტორინგის” ცენტრის დამფუძნებელია, ცენტრის მუშაობის მიზანი ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობის მონიტორინგი და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ზრუნვაა.