ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სინანულის გარეშე ერთი დღეც არ მაცოცხლოს ღმერთმა”

ექსკლუზიური ინტერვიუ “ციხის კადრების” ერთ-ერთ გამავრცელებელ ლადო ბედუკაძესთან

ეკა კვესიტაძის ცნობილი გადაცემის შემდეგ, რომელიც ლადო ბედუკაძეს და ზოგადად, ციხეში მომხდარი ამბების ახალ დეტალებს ეხებოდა, ჩვენ ვცდილობდით ინტერვიუ ჩაგვეწერა ლადო ბედუკაძესთან. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ მას პირისპირ შევხვედროდით და ისე ჩაგვეწერა ინტერვიუ, ბედუკაძე არ დაგვთანხმდა და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით კითხვების გაგზავნაზე მოვახერხეთ შეთანხმება. ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, მის კონკრეტულ პასუხზე ადექვატური კითხვის დასმის სურვილი, რომელიც აშკარად ჩნდება ამ ინტერვიუს კითხვის დროს, ზუსტად ამის ბრალია. თუმცა, იმედი გვაქვს, რაღაც დოზით მაინც შევძლებთ დაინტერესებული მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

 

“მეტრონომი”: თქვენ შესახებ საზოგადოებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი თვლიდა, რომ თქვენ ხართ ციხის ერთ-ერთი მწამებელთაგანი, ხოლო რაღაც ნაწილი, გმირად მოგიაზრებდათ, რადგან შეძელით გემხილებინათ ციხეში არსებული სისტემა. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა თავდაპირველად? საიდან გაგიჩნდათ აზრი, გამოგეტანათ ინფორმაცია? ასე თუ ისე, თქვენ ხომ იმ შიდა სისტემის ნაწილი იყავით?

ლადო ბედუკაძე: საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არსებობს ნებისმიერ თემაზე, განსხვავებულია  შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ნებისმიერ მოვლენაზე, პიროვნებაზე, მათ ქმედებებზე. საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ  ადამიანის მწამებლად, ანუ დამნაშავედ შერაცხვა, როგორც არ უნდა მოგვწონდეს ის,  მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. სიმართლე გითხრათ, მოქმედ მოსამართლეთა კორპუსით დიდად მოხიბლული არც მე ვარ, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ვემორჩილები სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

თქვენს მიერ დასმული კითხვა – „აზრის გაჩენა“ ინფორმაციის გამოტანის შესახებ  სააკაშვილის რეჟიმის ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან  ცოტა სხვა ელფერისაა   .. აზრი ჩნდება, მაშინ, როდესაც ადამიანს რაიმე პირადი ქვენაგრძნობა, პირადი დაინტერესება ამოძრავებს.  თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმხანად სააკაშვილის რეჟიმს  ჩემთვის, თმის ღერიც არ ჩამოუგდია. განა, მხოლოდ ჩემით და ჩემნაირებით იზომებოდა ადამიანების კეთილდღეობა, დემოკრატიის ნათელით მოფენილ ქვეყანაში?

მეც, ისევე როგორც ათასობით პენიტენციალური სისტემის მოსამსახურემ, უკლებლივ ყველა მოსამართლემ, პროკურატურის მუშაკებმა, პოლიციელებმა, ადვოკატებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა,  ყველამ კარგად ვიცოდით,  რა საშინელებებიც ხდებოდა დაუსჯელობის სინდრომით განმსჭვალულ, განუკითხაობის ჭაობად ქცეულ  სააკაშვილის სადამსჯელო მანქანის მთავარ ბასტიონში, ციხეში. მხოლოდ ზეპირი განცხადებებით ვშველოდით რამეს? აზრის გაჩენის რა მოგახსენოთ… ყველაფერს ამას ვხედავდი, ვგრძნობდი…მართლა რკინის უნდა იყო ადამიანი, რომ უძლებდე ამას. ყოველი  ახალი დღე, ახალი თავგადასავლებით იყო სავსე.. ხალხის ახალი უბედურებებით, სხვისი ჭირის მსგავსად  შევყურებდით. ვისაც გამბედაობა გაგვაჩნდა ვუთანაგრძნობდით კიდეც შიგადაშიგ, მერე? ყოველთვის ვამბობდი- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ესენი არც ისე ძლიერები არიან, როგორც გარედან ჩანს.  გამორიცხულია, რომ ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ არ გაიგოს თქო… ვინ, როგორ მთვლის ამას ისტორია განჭვრეტს. დღეს, მხოლოდ ძირითადად პოლიტიკურად ანგაჟირებული, დამონებული, პროპაგანდისტული მანქანებად ქცეული მასმედიით იქმნება აზრი  ადამიანებზე. „შენმა საქმემან გამხილოს შენ“ – მე პირადად მიხარია, რომ დღეს, როგორც  ეს იყო 2010, 2011, 2012 წლებში, რკინის გისოსებს მიღმა 140-142 ადამიანი უაზროდ არ ეწირება  პირად ამბიციებს აყოლილი ადამიანის ხუშტურებს და ამაში გარკვეულწილად ჩემი პატარა დამსახურებაცაა.

“მეტრონომი”: თვლით, რომ თქვენს მიერ მოპოვებული კადრები პოლიტიკური მიზნით გამოიყენეს? რას ფიქრობთ, სად დაუშვით შეცდომა?

ლადო ბედუკაძე: კარგად მახსოვს ბრიუსელიდან ჩემი პირველი განცხადება იყო, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ ადამიანების უბედურება საკუთარი პირადი ვიწროპარტიული ინტერესების გამო გამოიყენონ თქო.  ყველანაირად ვცდილობდი, რომ ამას წინ ავღდგომოდი. ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, რომ „ციხის კადრების“  თემა საჯილდაო ქვად იქცა. ვინ და როგორ იყენებს ამ თემას საკუთარი პოლიტიკური ზრახვებისთვის მკითხველისთვის მიმინდვია. უშეცდომო არავინაა, იქ, სადაც პოლიტიკა ერევა, ყველგან სიბინძურეა. დღეს ვის და როგორ აინტერესებს, თუნდაც იმ ყოფილი პატიმრების ბედი, თავად განსაჯეთ..

“მეტრონომი”: თქვენ კადრები გადაეცით ვინმე გიორგი ლომიას? ვინ არის ლომია? რატომ შეცვალა თქვენს მიერ შემუშავებული ერთობლივი გეგმა ლომიამ? ვინ შესთავაზა და რა შესთავაზეს მას?

ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად, თუკი სურვილი ექნება მკითხველს ვურჩევ ჩემი წიგნი „ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დედამიწაზე“,  საპყრობილეში განვითარებული მოვლენების  და მთელი ამ პროცესის შესახებ  წაიკითხოს, რომელსაც ძალიან მალე იხილავს საზოგადოება. ბოდიში, არ ვაპირებ ამ თემის შესახებ დამატებით კომენტარს.

“მეტრონომი”: თქვენ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ირმა ინაშვილი გემუქრებათ, და გეუბნებათ – “საქმე არ გამიფუჭოო”. რა საქმეზე იყო საუბარი? რა შეთანხმება გქონდათ ხსენებული საქმის ფარგლებში?

ლადო ბედუკაძე: ტყუილად ეძებთ სკანდალს..  არანაირ საქმის გაფუჭებაზე საუბარი, არარსებული საქმის გამო ვერ იქნებოდა. იყო მუქარის შემცველი განცხადებები დაძაბულობის ფონზე  და არც სიახლეა ქალბატონ ინაშვილსგან – თმებით ჩამოგათრევ, ციხეში ამოგალპობ, ენას ამოგგლეჯ, სულს გატკენ…

“მეტრონომი”: თქვენ, მახსოვს ერთხელ,  სურვილი გამოთქვით შეხვედროდით ივანიშვილს, ან მის წარმომადგენელს. დაგიკავშირდათ ვინმე? ან თქვენ გქონდათ მცდელობა დაკავშირებოდით ვინმეს? და საერთოდ, რა იყო თქვენი სურვილის მიზეზი შეხვედროდით ივანიშვილს?

ლადო ბედუკაძე: ბატონ ივანიშვილის სახელთან ჩემს და „ციხის კადრების“  თემის დაკავშირებას აგერ უკვე მესამე წელია უშედეგოდ ცდილობენ, ძირითადად  ე.წ. ჟურნალისტები, რეალურად პარტიული მსტოვრები.  ეს თემა ჯერ კიდევ  იმდენად  ბურუსითაა მოცული, ვეჭვობ ივანიშვილი ჩემთან შეხვედრაზე ოდესმე დათანმხდეს  და ძალიან სწორადაც იქცევა, რომ ამას არ აკეთებს. შეხვედრის სურვილი სწორედ  იმ ნისლის, ათასგვარი ჭორის, სიბინძურის ჩემეული ხედვის მისთვის გაცნობაა, რასაც ასე ნაწილ -ნაწილ ღებულობს პრესის ფურცლებიდან საზოგადოება. ვინც როგორც უნდა ისე გაიგოს და ისე თარგმნოს, ბატონი ივანიშვილის ფაქტორი რომ არა,  დღეს, საქართველო ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული. სწორედ ივანიშვილია ერთადერთი  სამოქალაქო სტაბილურობის გარანტი ქვეყანაში და არსებული რეალობის შემოქმედი. ამიტომაც, ვალდებულია  პირველწყაროდან იცოდეს იმ პროცესების შესახებ, რასთან დაკავშირებასაც დღენიადაგ დაჟინებით ცდილობენ.

“მეტრონომი”: დავით პაიჭაძის ინტერვიუში, ერთ-ერთ მის კითხვაზე, თქვენ პასუხობთ, “ეს პრეზიდენტს ჰკითხეთ ცოცხი შეყვანილი იყო თუ არა ანუსში”. რა იცოდა პრეზიდენტმა ასეთ დეტალებზე? ანუ  პრეზიდენტის დონეზე წყდებოდა ასეთი საკითხები?

ლადო ბედუკაძე: სამწუხაროდ დღემდე საზოგადოების ნაწილი ზერელედ უყურებს და ვერ გაუთვითცნობიერებია  ყოველივე, თუ რას წარმოადგენდა ეს ავადმყოფი, მანიაკად ქცეული, ძალაუფლების ჟინით გონებადაბინდული არსება ქვეყნისთვის.  რას ქვია არ იცოდა?

მოდით, დავუჯეროთ „ ნაცმოძრაობას“.  რა თქმა უნდა,  პრეზიდენტმა  არ იცოდა  მისი მმართველობის ჟამს საპყრობილეებში ასობით ადამიანის გარდაცვალების შესახებ და ბრმად სჯეროდა განცხადების, რომ თურმე პატიმრები სიბერის გამო კვდებოდნენ ციხეებში,  არ იცოდა ასობით ადამიანის უზგოუკვლოდ გაუჩინარების  შესახებ, არც არაფერი სმენოდა სახელმწიფო ტერორის – კინოსტუდიად ქცეული ქვეყნის  და ათასობით ფირის შესახებ…

“მეტრონომი”: ჯღარკავას და თქვენს მიმოწერაზე რას იტყვით, ნამდვილია?

ლადო ბედუკაძე: ისეთივე ნამდვილია, როგორც სიცრუის ტელევიზიაში გასული  „ახლადაღმოჩენილი“ და გაყალბებული „ვიდეო თუ დოკუმენტური მტკიცებულებები“. ისეთივე ნამდვილია, როგორც დადგმული ტერაქტები სააკაშვილის წინააღმდეგ, ისეთივე ნამდვილია, როგორც გაყალბებული  აუდიოჩანაწერები 2007 თუ 2011 წლების…  „რუსთავის 2“ -ის ხალხისთის დაბრუნების შემდგომ, იმედია, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ვერცერთი ყალბისმქმნელი, ადამიანებზე  მოძალადე  ჟურნალისტი ( ჩემთვის არაფრით არ განსხვავდებიან ისინი ციხის თუ პოლიციის მოძალადეებისგან) არ დარჩება დაუსჯელი.

“მეტრონომი”: იცნობთ ნინო ჯღარკავას? რა როლი ჰქონდა მას საერთოდ ციხის კადრების ამბებში მანამდე, ან მის შემდეგ?

ლადო ბედუკაძე: ვიცნობ, კარგი გოგოა ნინიკო..

“მეტრონომი”: ციხის კადრების ამბავთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ახსენეს ფული. შეგიძლიათ გვითხრათ რა ფულზეა საუბარი? ვინმე ვინმეს დაჰპირდა რაიმე ანაზღაურებას რამეში?

ლადო ბედუკაძე: მელას რაც ესიზმრებოდა , ის ელანდებოდაო.. ძალიან ცუდია, როცა ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, ანგარების გარდა,  სხვა აზრები რომ არ მოსდით თავში და სხვა მიზნებს  ვერ ხედავენ… არ ვიცი, ვინ ვის და რას დაჰპირდა, არც არაფერია  დაფარული, რომ არ გაცხადდეს, მითუმეტეს  დღევანდელი ტექნოლიგიების პირობებში.  ნებისმიერ მსუვრელ შეუძლია ნახოს რა მაქვს და რა გამაჩნია, ქონება, თანამდებობა, კეთილდღეობა.. ენას ძვალი არ აქვს..

“მეტრონომი”: დიდი ხანი გავიდა უკვე ციხის კადრების გავრცელებიდან. ელვისებური სისწრაფით იცვლება მოვლენები ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? როგორ გგონიათ, როგორ დასრულდება კადრების ამბების გამოძიება? რა გეგმები გაქვთ პირადად თქვენ?

ლადო ბედუკაძე: კარგია რომ ამ საქმის გამოძიება ახსენეთ. ერთადერთი  დავალება უშუალოდ სააკაშვილისგან, მთავარი მიზანი, რაც ამოძრავედა პროკურორ  ზოდელავას გახლდათ ის, რომ ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ფორმით როგორმე  პოლიტიკური მოტივით დავეკავშირებინე კოალიციასთან, ძიებას გამოეკვეთა ანგარებითი მოტივი და ყველანაირიად წარმოვჩინებულიყავი, როგორც სასტიკი მოძალადე. თითქოსდა, დანაშაული ხდებოდა დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთში, ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, პირთა ჯგუფის მიერ.

ცუდი ისაა, რომ  პროკურატურიდან ვინც ამ საქმის შეკერვა, შეთითხვნა, გამოძიება დაიწყო, მათვე დაასრულეს. ბირთვს ვგულისხმობ. წინასასამართლო გამოძიებიდან, რომელიც მიმდინარეობდა მთელი 8 თვე , მოწმეთა, ე.წ.“მტკიცებულებათა“ 60% მოპოვებულია გამოძიების დაწყებიდან ერთ კვირაში და ამასთან, ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით. ეს გახლდათ სწორედ გამოძიების შეცდომა, რასაც მე თავიდანვე ვეწინააღგმდეგებოდი. ვითხოვდი, რომ საქმე გამოეძიებინათ ობიექტურ, მიუკერძოებელ გამომძიებლებს და არა პოლტიკურად  ანგაჟირებულებს. ვითხოვდი პროცესის გამჭვირვალობას, ვითხოვდი დამკვირვებლებს სასამართლო პროცესზე…   არ ვიცი რას გულისხმობთ, ელვისებური სისწრაფით ცვლილებაში, მაგრამ, ის ბლეფი, ის მარაზმი, რაც „რუსთავი 2“ -მა გაითამაშა ჩემს წინააღგმდეგ, აუცილებლად მათვე დაუბრუნდებათ. არანაირი ახალი ვიდეო, თუ აუდიომტკიცებულება, არანაირი გრიფი „საიდუმლო“, ახალი ჩანაწერი, გარდა ზოდელავას პროკურატურის მიერ შეთითხნილი გაყალბებული ე.წ. მტკიცებულებებისა, ბუნებაში არ არსებობს.

ვისაც ჩემი პირადი ჟინი ამოძრავებს, დიდი მთა მოძებნონ, დამიკავშირდნენ და შემდგომ ინსტრუქციას ადგილზე გავაცნობ. სხვა, სერიოზულ  გეგმებზე ღიად მხოლოდ სულელები ლაყბობენ.

“მეტრონომი”: რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ მიუხედავად საპროცესო შეთანხმებისა, საქმე ისევ ცუდად მოგიტრიალდეთ უკან? გამომდინარე კვესიტაძის გადაცემიდან, გამომდინარე ზოგადად ამ საქმეზე განვითარებული მოვლენებიდან, აგაქვთ იმის განცდა, რომ შესაძლოა მაინც აღმოჩნდეთ საბრალდებო სკამზე?

ლადო ბედუკაძე: ტყილად ოცნებობენ „კვესიტაძეები“ (ზოგადი სახელია) და მისი სულიერი დები… საბრალდებო სკამზე აუცილებლად თავად აღმოჩნდებიან, იმ სიბინძურის ნიაღვრის გამო რითაც ხრწნიან და წამლავენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლება ჟურნალისტის მანტიაში გახვეულმა პოლიტიკურმა მსტოვრებმა სათავისოდ  გაიგეს.   – აბრალე რაც გინდა, ჩააგდე თავის მართლების რეჟიმში, დაიწყებს თუ არა თავის უდანაშაულობის მტკიცებას, შენ მაინც გამარჯვებული ხარ.. ვერ მოგართვით, თქვენნაირ არარაობებთან სამართლებელი არაფერი მაქვს. თქვენი წამალი იგნორია. საზოგადოებამ  ყველაფერი კარგად იცის. ტყუილად  ფიქრობთ, რომ ხალხი ბრბოა…

“მეტრონომი”: ვიცი, რომ ზოგადად, არ ნანობთ რაც გააკეთეთ. იქნებ მაინც დარჩა ისეთი რამ, თუგინდ დეტალი, რაც მაინც სინანულის გრძნობას გიჩენთ…

ლადო ბედუკაძე: სინანულის გრძნობა ვისაც არ გააჩნია, ძნელია ასეთ ადამიანთან ურთიერთობაც კი. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეტად მიმნდობი ვარ და ხშირად ბრმად ვენდობი ადამიანებს, ბევრი ამას ბოროტად იყენებს.. ალბათ ამ თვისების ხარისხს შევამცირებდი, მეტად წინდახედული, მეტად დაკვირვებული ვიქნებოდი ადამიანების მიმართ. სინანულის გარეშე ერთი დღეც არ მაცოცხლოს ღმერთმა.

 

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....