“ეკლესია ოფიციალურად რომელიმე მხარეს არ ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს თავისი შეხედულებები აქვთ”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის კითხვის, მართებულია თუ არა საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება, საპასუხოდ განაცხადა.
დეკანოზის თქმით, ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში.
„ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას. ზოგადად, ამ შეკითხვაში ჩანს უფრო ღრმა შეკითხვა – ეკლესია თუ აკეთებს რაიმე არჩევანს და ხმამაღლა თუ ქადაგებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ? – გეტყვით, რომ ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში, ეკლესია არის გამაერთიანებელი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობა იყოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხისთვის სასიკეთოდ წარიმართოს სახელმწიფოს მოღვაწეობა, ამიტომ ოფიციალურად ეკლესია, რომელიმე მხარეს რა თქმა უნდა, არ ირჩევს და იმის მიუხედავად , რომ ცალკეულ სასულიერო პირებს აქვთ თავის შეხედულებები, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ცალმხრივია ეკლესია ამ მიდგომებში. ჩვენი სულიერი შვილები არიან ყველგან, ყველა პარტიაში, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, ამიტომ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ შევაქცევთ ზურგს“, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წინა საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.