ახალი ამბები ეკონომიკა

20, 50 და 100-ლარიანი განახლებული ბანკნოტები გამოდის

“2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში. შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ“. – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო “თბილისი რუმსში” გამართულ განახლებული ბანკნოტების პრეზენტაციაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბანკნოტები 2016 წლის პირველი ნახევრიდან გამოვა და წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში. ახალი ბანკნოტების დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 20 წლის წინ მოუწია მუშაობა პირველი ქართული ლარის დიზაინზე მამასთან, ნოდარ მალაზონიასთან ერთად: “ამოცანა იყო თითქმის იგივე ინსტრუმენტებით ახლის გაკეთება. რამდენად გამოგვივიდა, ამასთან დაკავშირებით ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი წარმოდგენა. მე შევეცადე, რომ ამ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა თანამედროვე ტენდენცია, რაც კი არსებობს”, – თქვა მალაზონიამ.

განახლებულ ბანკნოტებზე ლარის ახლანდელი ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა შენარჩუნებულია, თუმცა ცალკეული ახალი დეტალითაა გამრავალფეროვნებული. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაწილებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს. ამასთან, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი. თავის დროზე, ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები. ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის”, – განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი ქადაგიძემ და დასძინა, რომ მოგვიანებით 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებიც განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ლარის განახლებულ ბანკნოტებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმოწერა არ იქნება. გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელა:

„ნებისმიერი ქვეყნის ვალუტაზე მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელის ხელმოწერაა, რომელიც ემისიაზეა პასუხისმგებელი. ფინანსთა მინისტრის ან ხაზინის ხელმძღვანელის ხელმოწერა ახალ ბანკნოტებზე მხოლოდ იმ ქვეყნებშია, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ვალუტის ემისიაზე“ – განმარტა ქადაგიძემ.

იტვირთბა....