ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი პირველ კომენტარს აკეთებს და გარდაცვლილის ოჯახს მიმართავს.
ჩიქოვანი არდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს კითხვას უსვამს, ნამდვილად უნდათ თუ არა, რომ მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ.
როგორც ჩიქოვანმა სააგენტო “ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ წერილში აღნიშნა, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
“მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო. მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.
ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს – ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, – წერს ჩიქოვანი გამოგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.