კობა ხაბაზი აღიარებს, რომ ვიდეოჩანაწერებში მასზეა საუბარი
„უნდა ვაღიარო, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილისთვის ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება, – განუცხადა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა , კობა ხაბაზმა.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ “თავისუფალი ზონა” “რუსთავი2”-თან იყო მობილიზებული – ეს ხელისუფლების მიერ დაყენებულ კამერებშიც ჩანს.
“საქართველოს სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება. ნამდვილად, ალბათ ჩემზეა საუბარი. ნამდვილად გვყავდა მობილიზებული თავისუფალი ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელეკომპანიასთან, ნამდვილად ვიქნებით ტელეკომპანიასთან და ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება. ისინი არიან პუტინის და კრემლის მონები, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას და რომლებმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანონ. აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ და ბარემ შემიყვანონ /მოდულში/”, – უთხრა ხაბაზმა ე.წ. მოდულის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება უკრაინულ ვებგვერდზე ატვირთული ფარული ჩანაწერებიდან ერთ-ერთზე -კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერზე ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძესთან, სადაც სახელი „კობაა“ ნახსენები. ეს კონკრეტული ჩანაწერი ვებგვერდზე დღეს აიტვირთა.