თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და მათი ნაწილი თბილისში ოქტომბერის თვეში შემოვა. ამის შესახებ კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი 180 დღის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში ადრე 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახლახან წამოწყებული სატრანსპორტო რეფორმით, მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდება.
„თქვენ იცით, რომ 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი, 300 ერთეულის შესყიდვის მიზნით, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მთლიანად განვაახლოთ ისევე, როგორც ავტობუსები. ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და „ფორდის“ მარკის სამასი ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 დღის განმავლობაში შემოვა. ეს სამასი ერთეული საკმარისი არ არის და საჭირო იქნება დამატებით შესყიდვაც.
„ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიანად მოდერნიზებას ვაკეთებთ ავტობუსების ქსელის და მარშრუტების. ქალაქში ძირითადად იმოძრავებს 12, 10, 8 მეტრიანი ავტობუსები, თუმცა რელიეფიდან და ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ისე იქნება ინტეგრირებული და დალაგებული, რომ კომფორტული იყოს მგზავრობა“ – განაცხადა კახა კალაძემ.