ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

შესაძლებელია თუ არა 2016 წელს პენსიის ზრდა?

2016 წელს პენსიის 50 ლარით ზრდა  შესაძლებელია, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საინტერესოა, ასეთ დროს, როცა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, როცა “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესით აჟიტირებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ყოველდღიურად ვრცელდება “რევოლუციით დაანონსებული” აუდიოჩანაწერები, რატომ ამახვილებს ყურადღებას ნაცმოძრაობა პენსიებზე? ეს უფრო მათი რეაბილიტაციის მცდელობაა, ნაადრევი წინაასარჩევნო კამპანიის ნაწილი თუ რეალობა ბიუჯეტის გათვალისწინებით?

“მეტრონომთან” საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ 1 იანვრიდან სავსებით შესაძლებელია პენსიის ზრდა. „2016 წლის ბიუჯეტის პროექტში უამრავი მცირე 20-30 მლნ. პროგრამაა გათვალისწინებული. თუ ამ თანხებს სწორად გავანაწილებთ, პენსიის ზრდა შესაძლებელია“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი პარტია 2016 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს იმ შენეშვნებს, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას აქვს.

მთავარი შენეშვნა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებაა. ჭიაბერაშვილი აკრიტიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკასაც. მისი თქმით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ამბობს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკაში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების გათვალისწინება არ ხდება. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს განურჩევლად, ყველა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს. თუ სახელმწიფო შეუმცირებს შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს დაფინანსებას და ამ ფინანსებს თუნდაც მედიკამენტებზე ფასის კლებისკენ მიმართავს, ეს პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეუმსუბუქებს მდგომარეობს.

„მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“. ორგანიზაციის უფროსმა  ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ განმარტა, რომ ბიუჯეტის ხარჯების გადანაწილებით პენსიის 50-ლარიან ზრდაზე ვერაფერს იტყვის, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი.

რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ ყველაზე პრობლემური შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხია, მაშინ როცა მთავრობა ვერ ასაბუთებს ზღვრულ სარგებლიანობას შრომის ანაზღაურების მხრივ.

ჩვენ ვცადეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირება, თუმცა მათ სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრეს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....