ახალი ამბები

შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ რამიშვილი დააკავონ? – პროკურორის განმარტება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განმარტებით, გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონი თავად რამიშვილის თანხმობით დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაციის გამოთხოვის დროს, რასაც აწარმოებდა გამომძიებელი, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით, რაც თავის დროზე ადვოკატმა გამოძიებას წარუდგინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით.

შესაბამისად ის ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას. იმისთვის რომ შემდგომ საეჭვო არ იყოს აუთენტურობა, წარმომავლობა ან ამ დოკუმენტის კონკრეტული შემხებლობა საქმესთან, ჩვენ შევთავაზეთ მიხეილ რამიშვილს უშუალოდ ექსპერტის, სპეციალისტის მონაწილეობით, მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, მისი თანხმობით მოხდა ამ ტელეფონის დალუქვა.

შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა რომ ოჯახის წევრი ჰყავდა ცუდად და ნახევარი საათით უნდა გასულიყო, მისი თანხმობით დალუქული ტელეფონი დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. დაბრუნდება ადვოკატი და გამომძიებლებთან ერთად წავლენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში და მოხდება უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა.

ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული საქმის შესწავლის ნაწილში და შესაბამისად, ეს დოკუმენტი დამაგრდება საქმეზე უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით“ – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე მიხეილ რამიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურორმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა:

„თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ამას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. მალე მიიღებს გადაწყვეტილებას პროკურატურა საქმეში სატელიტური ფოტოების წარდგენის საკითხზე. ჩვენ ექსპერტიზით დადასტურებული გვაქვს რომ ეს ფოტოები დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შეიცავს ცრუ ინფორმაციას“ – აღნიშნა დავით გუმბერიძემ.

რაც შეეხება დავით ფურცხვანიძეს, პროკურორის განცხადებით, ის თავად არაა ჩამოყალიბებული რამდენად სწორ ინფორმაციას შეიცავს ეს ფოტოები.

„მან გააჟღერა კომენტარის სახით, რომ თვითონაც აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. მან დაკითხვის დროს ვერ დაასახელა კონკრეტული წყარო რომ ეს ფოტოები შეიცავდა ნამდვილ ინფორმაციას. რა თქმა უნდა ჩვენ შევისწავლით იმ ინფორმაციას რაც ფურცხვანიძემ დაკითხვისას განაცხადა და შესაბამისად ამაზე მოვახდენთ რეაგირებას.

მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში ჩვენს მიერ ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და საზოგადოება მალე გაიგებს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პროკურატურა კონკრეტულად ამ ფაქტთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მიმართ ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იტვირთბა....