გიორგი ვაშაძე კი ბიზნესგარემოს დაზარალებაში წულუკიანს ადანაშაულებს
„ბოლო წლებში თუ რამემ დააზარალა ბიზნესგარემო, ერთ-ერთი წულუკიანის მიერ ინიცირებული ახალი სავიზო რეჟიმები და საემიგრაციო პოლიტიკა იყო, რის გამოც ძალიან ბევრმა უცხოელმა ინვესტიციის ჩადებაზე უარი თქვა. უამრავმა, საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა, ან პირიქით – აქედან წასვლა მოუწია. ჩემი აზრით, წულუკიანის განცხადება სრულიად არაადეკვატური და არარელევანტურია. გარდა ამისა, სტატისტიკა სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს – დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევები ძალიან ცოტაა. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებზე აქამდეც იყო სერიოზული კამათი, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას დაუყოვნებლივი აღსრულება“ – ამბობს გიორგი ვაშაძე „მეტრონომთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თეა წულუკიანის განცხადებას დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. იუსტიციის მინისტრის აზრით, ეს გადაწყვეტილება ბიზნესს ხელს შეუძლის.
“საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვშიშობ, რომ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე. უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ არასრულონ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ზოგადად ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებაში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არაფერი საგანგაშო არ ხდება. ამ გადაწყვეტილებით, თუ ამ გადაწყვეტილების გარეშე, “რუსთავი 2″ იყო, არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ შეცვლის,” – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია აღმასრულებელს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები .