ქიბარ ხალვაში ექს-პრეზიდენტთან ერთად, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებსაც მიმართავს
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებისადმი კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა. ხალვაში არხის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ “არც ერთი პროფესიონალი სამსახურიდან არ გათავისუფლდება”.
“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი. ძალიან კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მეპატრონის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გენერალური დირექტორის პირობებში. მესმის და ვხვდები, თუ როგორ უნდათ გაქციონ სიტუაციის მძევლებად, როგორ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, იმისთვის, რომ გაგწირონ და შეწირონ თქვენი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი, თქვენი სიცოცხლეც კი საკუთარი ამბიციებისა და ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას. გარწმუნებთ და გპირდებით, რომ თქვენგან არც ერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან“, – აცხადებს ხალვაში.
ჟურნალისტების გარდა ბიზნესმენი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, “რუსთავი 2”-ს თავი დაანებოს:
“მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს! კმარა, რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება! კმარა, რაც ატერორე “რუსთავი 2” და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს “რუსთავი 2″-სგან”, – აცხადებს ხალვაში.