ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

მანანა ნიკოლაიშვილი: საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა მომაკვდინებელია 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ბავშვები საქართველოში, ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, 12 წლიდან, 4,6 წელს კარგავენ.

ამასთანავე, ქვეყანაში დაბადებული ბავშვი, სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.

აღნიშნულ საკითხზე „მეტრონომი“ ექსპერტს, განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, მოცემული შედეგები გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს განათლების სისტემაში, 2004 წელს „მომაკვდინებელი სასწავლო გეგმა შეიმუშავეს, რაც 2006 წელს იქცა ეროვნულ სასწავლო გეგმად“.

„ამას ეფუძნება მთელი სასკოლო ცხოვრება, გამოშიგნეს ეროვნული სასწავლო გეგმა, ყველა საგანს დააკლდა კოლოსალური რაოდენობის სასწავლო საათები. უკეთ რომ ავხსნათ, დაწყებით კლასებში თუ მშობლიურ ენას ჰქონდა 12 საათი, ახლა აქვს 5, მათემატიკა შემცირდა 10-დან 4-მდე. ასევეა მაღალ კლასებშიც… ამოიღეს მთელი რიგი საგნები, დიდი ნაწილი შეამცირეს, ისტორიას გეოგრაფიას ინგლისურს მოაკლდა საათები, რუსული მთლიანად განადგურდა… ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი საბუნებისმეტყველო საგნებშია. განსაკუთრებით, ფიზიკაშია სავალალო სიტუაცია. ამიტომაც, მშობელს სჭირდება რეპეტიტორები, მთელი 12 წლის განმავლობაში. ეს საათები თუ დაუბრუნდება სკოლებს, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე“. – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ წინა ხელისუფლების დროს გაუშვეს მასწავლებლები სკოლიდან, ახლა კი იგივეს აგრძელებს მოქმედი ხელისუფლებაც, ეს ყველაფერი კი მასწავლებელთა დეფიციტის ფონზე ხდება.

„პედაგოგთა დეფიციტია, რამდენი ათასის დეფიციტი აქვთ ამას საგულდაგულოდ მალავს ხელისუფლება. არადა, მანამდე აკლდა სკოლას 3000 მასწავლებელი. შემდეგ, არაპედაგოგიური განათლების კადრები შეყარეს სკოლებში, ისინი არც საგნის სპეციალისტები არიან. ასეთი ხალხით ამოავსეს ვაკანსიები.

სკოლებიდან გაშვებული პენსიონერი მასწავლებლები კი მაგისტრები ან მასთან გათანაბრებული პირები იყვნენ. ახლა შეყრილ კადრებს მასწავლებლის მაძიებელი რომ დაარქვეს, ეს იგივე გაცდენილი გაკვეთილი და უხარისხო სწავლებაა. მაღალმთიან რეგიონებში და შორეულ ბარში პირდაპირ ცდებოდა და ცდება გაკვეთილები. ეს რეფორმა, რომლითაც ახლა ამაყობს ხელისუფლება, ანტიკონსტიტუციურია.

უხარისხო მასწავლებლები შეიყვანეს ან გაუზარდეს საათები, დარბიან ერთი სოფლიდან მეორეში ან ერთი სკოლიდან მერეში და გაკვეთილები ცდება, ვერ ასწრებენ დროულად მისვლას, ამიტომაც ყოველწლიურად საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ 13 000 მოსწავლეს შორის, დიდი წილია ისეთი მოსწავლეების, რომელთაც გაკვეთილები არ უტარდებათ.27-36 საათი რომ ექნება მასწავლებელს, მაშინ, როცა შრომის კოდექსით 18 საათია ერთი განაკვეთი, ამიტომაა დაცემული განათლების ხარისხი“. – თქვა ექსპერტმა, რომლის შეფასებითაც უვარგისი სტანდარტები, პროგრამები და აქედან გამომდინარე  სახელმძღვანელოებიც.

„კორუფცია, ნეპოტიზმი და ქრონიზმია სახელმძღვანელოების დამტკიცებისას, არც დამხმარე სახელმძღვანელოები გამოდის ხარისხიანი. ამასთანავე, მილიონზე მეტი ადამიანია დაფიქსირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მათი უმრავლესობა არა პენსიონერი, არამედ ახალგაზრდაა, შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ საკვებზე უწევთ ღელვა, ლეპტოპების, გაჯეტებისა და ინტერნეტპაკეტების ფული არ აქვთ. კოვიდვირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია, თუმცა ინტერნეტშიც იშვიათია ხარისხიანი მასალა“, – განმარტა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ სწავლის ნიჭი და უნარი უკავშირდება იმას თუ რით იკვებება ბავშვი, რადგან კვებაზეა დამოკიდებული ჯანმრთელობა.

„მე ბიოქიმიკოსი ვარ და სწავლის ნიჭი და უნარი პირდაპირპროპორციულად უკავშირდება იმას თუ რით იკვებება ბავშვი, კვებაზეა დამოკიდებული ჯანმრთელობა, როცა მოზარდი თუ ზრდასრული დაავადებულია ის, ჯერ ერთი, ვერ ესწრება გაკვეთილს, ლექციასა თუ პრაქტიკას სრულფასოვნად და მერე მეორე, ის ვერ შრომობს სრულფასოვნად. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ბავშვები არასრულფასოვანი კვების გამო იხოცებიან. თუ არ მოხდა ცვლილება ეკონომიკაში არ იქნება ძირეული ცვლილებები და უკან უკან წავალთ“. – გვითხრა მანანა ნიკოლაიშვილმა.

ამავე თემაზე:

ელისო რუხაძე: ონლაინ სწავლების დროს, ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

თამარ მოსიაშვილი: ონლაინ სწავლებას აქვს თავის მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში არ არის დანერგილი

დისტანციური სწავლების გამოწვევები – ინტერვიუ ლელა კოტორაშვილთან 

ესაუბრა თამთა ქარქაშაძე

 

იტვირთბა....