ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

ელისო რუხაძე: ონლაინ სწავლების დროს, ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

„საფარის“ იურისტი, ელისო რუხაძე აცხადებს, რომ დისტანციური სწავლების დროს, ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას განმარტა, ბავშვები ძალადობის შემსწრენი ხდებიან, ზოგიერთ მათგანზე კი თავად ძალადობს მშობელი.

„იყო შემთხვევა, როცა ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, ეყიდა ციფრული ტექნიკა და როცა დედამ შვილს შეუძინა სმარტფონი, ის მეუღლემ სიკვდილის პირას მიიყვანა – თუ რატომ უყიდა ტელეფონი მოსწავლეს, როცა ოჯახს უჭირდა და საკვების უქონლობის პრობლემა იდგა. ეს არ მომხდარა მხოლოდ ერთ ან ორ ოჯახში, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა უფლებადამცველმა და დასძინა, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს დაპირებისა, რიგ საკითხების მოგვარების შესახებ, ამ მხრივ, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.

მისი თქმით, ერთ-ერთ რეგიონში, მასწავლებელს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში უწევდა ლეპტოპთან ჯდომა და გაკვეთილების ჩატარება, მეუღლემ, ონლაინ ჩართვის დროს, დაუმტვრია ლეპტოპი და მიაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც ქალმა თვითმკვლელობა სცადა და პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოშორდა. მართალია, მეუღლეს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა ძალიან დიდი დამცირებაა მოსწავლეების წინაშე, ამ ტიპის ძალადობას შეესწრო მთელი კლასი. ამ ყველაფრის შემდეგ, იქამდე მივდივართ, რომ ონლაინ სწავლება არ არის გამოსავალი და ვერ მოიტანს იმ შედეგს, რა გათვლაც აქვს სამინისტროს“. – გვითხრა ელისო რუხაძე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, განათლების სამინისტროსთვის, იურისტი ამბობს, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს პირდაპირ რეკომენდაციებს ვერ მისცემს, თუმცა თვლის, რომ სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის. მათ პირველ კლასშიც არ უვლიათ და სკამზე ჯდომის უნარჩვევებიც არ გააჩნიათ, ამასთანავე, დისტანციური სწავლების პირობებში, მშობლებს უწევთ, თან ატარონ შვილები.

„ბავშვთა კვების ობიექტები გადაჭედილია, უამრავი ბავშვი იყრის თავს, წინასაარჩევნო  ღონისძიებებზე დაორგანიზებულ კონცერტებზეც ძალიან ბევრი ბავშვი შევნიშნე. ჩემთან, როგორც იურისტთა, მოდის ძალიან ბევრი ქალი, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი ბავშვები.მაგალითად, გუშინწინ ხუთი შვილის დედა იყო მოსული, ხუთი ბავშვით მოუხდა ჯერ ჩემთან მოსვლა, მერე პოლიციაში, მერე ექსპერტიზაზე… წარმოიდგინეთ, რამხელა რისკ ფაქტორია,  ბავშვები ყველაფერს ხელს ჰკიდებნენ“. – ამბობს ის.

გარდა  ამისა, ელისო რუხაძე აცხადებს, რომ ბავშვები თვითმხილველნი ხდებიან ყველა იმ ძალადობის, რომელიც ოჯახში ხდება, სიტყვიერი იქნება ეს თუ ფიზიკური, მანამდე კი ასეთი შემთხვევები, უფრო ხშირად, მაშინ ხდებოდა, როცა ისინი სკოლაში, ეზოში ან რაიმე წრეზე იყვნენ.

„ჩვენი კანინმდებლობით კი ძალადობის შემსწრე ბავშვი დაზარალებულია და ისეთივე მსხვერპლია, როგორიც სხვა ბავშვი, რომელზეც ხდება ძალადობა.

„კანონი სტატუსით არ ასხვავებს მათ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობასთან გვაქვს საქმე. მე პირადად სამართლებრივი დახმარების გარდა, ვერანაირ ჩარევას ვახერხებ. ამასთანავე, წინა სემესტრში, ერთ-ერთი ბავშვის კუთვნილი ლეპტოპი ჩააბარა მამამ ლომბარდში, ის ალკოჰოლდამოკიდებული იყო და სასმლის შესაძენად, ასე მოიქცა, ბავშვისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ის  წარჩინებული მოსწავლეა, რა თქმა უნდა, მომხდარი გააპროტესტა, მამამ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელის წაჭერის იმიტაციაც გააკეთა. მამა ახლა პასუხისგებაშია მიცემული. ცხადია, იმ ოჯახებში, რომლებსაც უჭირთ,  გადარჩენაზე კეთდება არჩევანი და არა განათლებაზე. ზოგ ბავშვს მოწყობილობა ვერ უყიდეს, ინტერნეტი ვერ ჩაურთეს, გადასახადი ვერ გადაუხადეს, ზოგჯერ კი უმუშევრად დარჩენილმა მშობლებმა გაყიდეს არსებული ციფრული ტექნიკა, რათა თავი და ბავშვები გამოეკვებათ“. – აღნიშნა უფლებადამცველმა, რომლის თქმითაც, როცა ბავშვს რაიმე სურს და მშობელი ამას ვერ უზრუნველყოფს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, საქართველოს დიდ ქალაქებში, რამდენიმე სოფელსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

თამთა ქარქაშაძე

 

ამავე თემაზე: თამარ მოსიაშვილი: ონლაინ სწავლებას აქვს თავის მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში არ არის დანერგილი

სკოლების დახურვა საქართველოშიც მძიმე შედეგებს გამოიწვევს: საერთაშორისო ექსპერტები 15-ტრილიონიან ზარალზე საუბრობენ

 

 

 

 

იტვირთბა....