სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე, საქართველოს დიდ ქალაქებში, რამდენიმე სოფელსა და აჭარის რეგიონში კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
ონლაინ სწავლების გამოწვევებზე “მეტრონომი“ ესაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლელა კოტორაშვილს, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის ფინალისტი, წიგნის “მოსიარულე გაკვეთილები“ ავტორი და ტელესკოლის გასული სეზონის მასწავლებელიცაა.
ლელა კოტორაშვილის თქმით, ონლაინ სწავლებას თავის სირთულეები აქვს , თუმცა გააჩნია, რას დაისახავ მიზნად.
„მეტრონომი“: ახერხებს თუ არა დისტანციურ გაკვეთილებში ჩართვას ყველა მოსწავლე და თუ ვერა, რას აკეთებს ამის გამოსასწორებლად სკოლა თუ სამინისტრო?
ლელა კოტორაშვილი: – 25 დან 10 -15 მოსწავლე ერთვება, დაახლოებით. სამინისტრო ვერაფერს აკეთებს, ეს დამოკიდებულია ჩვენს პირად ინიციატივაზე, ვურეკავთ მშობლებს, ვარკვევთ მიზეზს, ზოგჯერ იტერნეტის პრობლემაა, ზოგჯერ ბავშვს არ ჰყავს გვერდით ადამიანი, ვინც დაეხმარება და ეს პრობლემა რჩება პრობლემად.
– რამდენად სრულფასოვანია სასწავლო პროცესი დისტანციურად ?
– ონლაინ სწავლებას აქვს გარკვეული სირთულეები, გააჩნია, რას დაისახავ მიზნად. ცხადია, სულ არაფერს და პროცესის შეჩერებას სჯობს. ზოგჯერ ინტერნეტს ექმნება პრობლემა და ბავშვების ხმა არ აღწევს ჩემამდე, თანაც დრო ისედაც ცოტაა. ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობა. მეტად ვამახვილებ ყურადღებას წერით დავალებებზე და ზოგადად, საშინაო დავალებებზე ვაკეთებთ აქცენტს, რათა მივხვდე, როგორ გაიგეს რასაც მათ ვუხსნი, ვუყვები, ვუზიარებ… კითხვა-პასუხის რეჟიმი იქნება ეს თუ სხვა რამ. ხშირად ვიყენებ სლაიდშოუს, რადგან ახალისებთ და მოსწონთ. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რათა სწავლა-სწავლება იყოს საინტერესო, სახალისო და შედეგებზე გაგვიყვანოს. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული გზების მოძებნა შეიძლება, რომ მოვერგოთ ამ სიტუაციას.
– აქვს თუ არა დადებითი მხარე ონლაინ სწავლებას?
– დისტანციური გაკვეთილების ჩართვა შეიძლება ძალიან პროდუქტიული იყოს სკოლის ცხოვრების პარალელურად, მაგრამ როცა მხოლოდ დისტანციურად ურთიერთობ, დავუშვათ, კვირაში სამჯერ, ეს არ არის საკმარისი, სამწუხაროდ. მოსწავლეებს უფრო მეტ მასალასა და დავალებას ვაძლევ, რათა მათი დრო შეივსოს და ნაყოფიერი იყოს.
– როგორია ბავშვების განწყობა?
არ შეხვდნენ კმაყოფილებით, ყველას მოენატრა სკოლა და ერთმანეთი. ჩემმა შვილებმა ლამის იტირეს და ამბობენ, რომ თავს ცუდად გრძნობენ, მაგრამ ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სწავლას, იმდენად ენატრებათ სკოლა, დისტანციურ გაკვეთილებსაც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, დავალებებსაც ასრულებენ და დიდი სიხარულით ელოდებიან გაკვეთილების დაწყებას.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როგორც მასწავებელი?
– არ ვიცი, როგორ გამოვკითხო გაკვეთილი ყველას, როგორ იყოს თითოეული მოსწავლე ჩაბმული პროცესში, გაკვეთილი წარიმართლოს ინტერაქციულად და მარტო მე არ ვიყო წამყვანი. ვცდილობ, ისეთი აქტივობა მოვიფიქრო, რომ ხალისიანი განწყობა ჰქონდეთ, ჯერჯერობით თავს ვაბამ. სამი კლასი მყავს და წერილობითი დავალებების ფოტომასალას მიგზავნიან, საკმაოდ რთულია გაკვეთილიდან გაკვეთილამდე უკუკავშირი მიაწოდო მათ, მეც შვილები მყავს, ყურადღება უნდათ, სახლშიც საქმე მაქვს, მარტო მე არ ვარ ასე, ყველა ასეთ მარათონში ვართ. სკოლის ცხოვრებაში სხვაგვარადაა, რეალობა არ იცვლება, მაშინაც რთულია, მაგრამ თუნდაც რვეულებთან ურთიერთობა უფრო შეკრულია, უფრო თავმობმულია. ბავშვებიც ერმანეთს უსმენენ, მეტს სწავლობენ.
– რამდენად მზადაა სამინისტრო ,საჭიროების შემთხვევაში, სწავლების კვლავ დისტანციურად გასაგრძელებლად?
– ვიცი, რომ Teams-ის პროგრამა, რომლითაც მოსწავლეებთან ვურთიერთობ, გამართულია. სკოლის დირექცია და რესურს ცენტრები გამალებით მუშაობენ, რათა ინფორმაცია სწრაფად გავრცელდეს და ხელს გვიწყობენ, ყველანაირად. სამინისტრო ემზადებოდა, ტელესკოლაც დაიწყო…ვფიქრობ, ძალიან რთულია, ეს მოცემულობა ყველას გაღიზიანებას იწვევს, მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეების, მაგრამ პროტესტის და ბრაზის დრო არ არის, რეალობა ამგვარია და ვერ შევცვლით, მთავარია სიმშვიდე იყოს და გადავაგოროთ ეს რთული პერიოდი, რათა აღდგეს ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრება. ამ დისტანციურმა სწავლებამ დაგვაფიქრა, როგორი მნიშვნელოვანია სკოლა, ურთიერთობები და ყველაფერს უფრო გულისხმიერად მოვეკიდეთ.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე