15 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, საქართველოს დიდ ქალაქებში, რამდენიმე სოფელსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით მშობლების ნაწილი უკმაყოფილoა, ზოგიერთმა მათგანმა საპროტესტო აქციაც კი გამართა.
დისტანციური სწავლების ხარისხსა და სირთულეებზე „მეტრონომი“ ესაუბრა ექსპერტს განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილს, რომლის განამრტებითაც, ონლაინ სწავლებას აქვს თავის მეთოდოლოგია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის დანერგილი.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო და საქართველო დააყენა შემდეგი პრობლემის წინაშე – სასწავლო პროცესი ან უნდა შეწყვეტილიყო ან უნდა გაგრძელებულიყო დისტანციურად.
„ჩვენმა სისტემამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, როდესაც საქართველოს სკოლებმა, უნივერსიტეტებმა, სხვა სასწავლო დაწესებულებებმა სწავლა გააგრძელეს დისტანციურად. ამ პროცესში ძალიან ბევრი წარმატებული შემთხვევაც იყო, თუმცა გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღემდე არ არის გადაჭრილი. პანდემიის დროს, მასწავლებლებმა ტრადიციული სასწავლო პროცესი გადაიტანეს ვირტუალურ სივრცეში და გაამდიდრეს ციფრული რესურსებით, ონლაინ სწავლებას კი აქვს თავის მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში არ არის დანერგილი. არ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ჩამორჩენილები ვართ ან ყველა წარმატებულ ქვეყანას აქვს ეს მეთოდოლოგია… სიახლეა და მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას ნაბიჯები, ცხადია, ჯერ მცირე რაოდენობით სკოლებს უნდა ვასწავლოთ ამ ონლაინ კურსების აწყობა, ეს ცოდნა საქართველოში არსებობს და საჭიროა, გამრავლდეს, რათა მეთოდურადაც მეტად გამარული იყოს პროცესი, მაგრამ მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს ამ წელს მოესწრება“, – განაცხადა თამარ მოსიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ უპირველესია ციფრული დაყოფის პრობლემის მოგვარება.
„დღემდე არ გვაქვს მონაცემები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც დარჩნენ სასწავლო პროცესის მიღმა, არ აქვთ ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები. ამას ეძახიან ციფრულ დაყოფას და მიმაჩნია, რომ ამ ბავშვებისთვის არაფერი გაკეთებულა გარდა საზოგადოებრივი ინიციატივებისა – აუცილებლად უნდა აღინიშნოს charte.ge, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ფონდების მოძიებით ახერხებს, მოსწავლეებს გადასცეს ტექნოლოგიები, ჩაურიცხოს ინტერნეტის ფული, ამასთანავე, ძალიან საინტერესო შემთხვევები იყო, როცა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები საკუთარი ხელფასიდან ურიცხავდნენ ინტერნეტის ფულს მოსწავლეებს“, – განმარტა თამარ მოსიაშვილმა და დასძინა, რომ ტრადიციულ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაშიც, ციფრული დაყოფა კვლავ რჩება პრობლემად.
ამავე თემაზე გაეცანით „მეტრონომის“ მასალას – სკოლების დახურვა საქართველოშიც მძიმე შედეგებს გამოიწვევს: საერთაშორისო ექსპერტები 15-ტრილიონიან ზარალზე საუბრობენ