“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ახალციხეში, ენმ-ს წევრების კარანტინიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უდუმაშვილის განცხადებით, მათი პარტიის 2 წევრი კარანტინში გაუფრთხილებლად გადაიყვანეს.
“გუშინწინ ენმ-ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალიშვილი და ჩვენი პარტიის აქტიური წევრი გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. გუშინ მათ ჩაუტარდათ ტესტები, რამაც დაადასტურა, რომ არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს არ აქვს კორონავირუსი და მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ კარანტინის დატოვების საშუალებას 25 სექტემბრამდე. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში დამაჯერებლად იგებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.