ახალი ამბები მედია მთავარი

“საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა”

ნიკა გვარამია: „ხელისუფლებას ეს ჩანაწერები რუსული სპესამსახურებისგან აქვს“

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება გააკეთა:

„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ-მოსამართლის, ურთმელიძის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა რუსთავი 2-ის ელვისებური, რეიდერული აღება, ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის, ვიყოთ ამ კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ვაკეთებთ. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა – საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენს  წინააღმდეგ, ჩვენ მომაკვიდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი, დემოკრატიული, ფუნქციონირებადი ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში და რომელმაც თავის თავზე აიღო საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა.

ჩვენ არც ერთი წამით არ შევწყვეტთ წინააღმდეგობას, ბოლომდე დავიცავთ კომპანიას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში; რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 ისევ ეკუთვნოდეს იმ ადამიანებს, ვინც მას კანონიერად ფლობს დღეს და, რაც მთავარია, ისევ ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს. ყველას გილოცავთ, ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა, სიმართლე ჩვენს მხარესაა. აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ ქვეყნის დემოკრატიას“ – განაცხადა გვარამიამ.

ამავე ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ახლახანს გავრცელებული ახალი ფარული სატელეფონო ჩანაწერების თაობაზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ეს ფარული ჩანაწერები ქართული ხელისუფლების რუსულ სპესამსახურებთან თანამშრომლობის შედეგია და მომავალი, სამართლიანი პროკურატურის ეპოქაში აუცილებლად დაისჯებიან  ადამიანები, ვინც ახლა ამ საქმეში მონაწილეობს:

„საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. საიტი, სადაც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ასევე ჩანაწერები ფეესბეს მოპოვებულია  და საქართველოს ხელისუფლებას ეს ჩანაწერები რუსული სპესამსახურებისგან აქვს“ – თქვა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრიფინგი საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის მიერ შეტანილ სარჩელს მოჰყვა, რომელიც სასამართლომ განსახილველად მიიღო.

იტვირთბა....