თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მხარეები დისტანციურ რეჟიმში მსჯელობენ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაოს შეფარდების სახით შუამდგომლობით მიმართავს.
“ბრალდების მხარე ითხოვს ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, რაც, ბუნებრივია, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. შესაძლებელია, გირაოსთან ერთად, როდესაც ჩვენ ვიშუამდგომლებთ, გამოიყენოს დამატებითი ღონისძიებებიც, როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა და სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ამას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს.
მოხდა ურთიერთშელაპარაკება, ამ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა ძალიან დაძაბული ტონი, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში. მეთლახს რომ ეძახიან, ასეთი იატაკი არის იქ, სადაც ეს გასროლა მოხდა და აი იქიდან ასხლეტილი ტყვიით არის, ძალიან მაღალი ალბათობით, კოჭის არეში რბილი ქსოვილები დაზიანებული,“ – აცხადებს ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ იუნკერების გუნდის კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა.