ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება.
“უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს მსგავს სიტუაციებში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით უკრაინის გვერდით და ყოველთვის ვიქნებით, მაგრამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა” – ასეთი კომენტარი გააკეთეს დეპუტატებმა გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
“მეტრონომი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.
პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.” – ნათქვამია განცხადაებაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ექსპრეზიდენტისა ნიკა გვარამიას სატელოფონო საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სააკაშვილი მოუწოდებს გვარამიას დაიცვას ტელეკომპანიის შენობა „კუნთმაგარი ადამიანების“ და „ბარიკადების“ საშუალებით. დაახლოებით იგივე შინაარსის სატელეფონო საუბარი შედგა ასევე სააკაშვილსა და ბოკერიას შორის.