ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა “Deutsche Welle” წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ისრაელში, რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს პოლიციასთან ერთად 1000 სამხედრო განახორციელებს.
“18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიხურება სკოლები, საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, დასვენების ზონები და პლაჟები. რესტორნებში მხოლოდ საკვების ადგილზე მიტანის სერვისი იმუშავებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრზე შორს გადაადგილება ეკრძალება. შემზღუდავი ზომები სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მზადაა მოსახლეობა რეგულაციების შესრულებისთვის. უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ისრაელში დღესასწაულები როშ ჰაშანა (ახალი წელი) და იომ-ქიფური (მიტევების დღე) აღინიშნება. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლბოაში მოსახლეობა ხშირად აპროტესტებდა კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის მეთოდებს. რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს პოლიციასთან ერთად 1000 სამხედრო განახორციელებს”.- წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ სცნო, ხოლო ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ამასთან, 2019 წლის, 21 იანვარს ჩინეთმა დადასტურა რომ კორონავირუსი გადამდებია.