ახალი ამბები მსოფლიო

ქართული მხარე თანაუგრძნობს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. უწყების განცხადებას “მეტრონომი” უცვლელდ გთავაზობთ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ავიაკატასტორის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი – 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია.

როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა აიღეს. ოფიციალური განცხადება მათ სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
რუსული მედია წერს, რომ ტერორისტებმა თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.
“ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პროვინცია სინაიში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს, რომლის ბორტზეც 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა. მადლობა ღმერთს, ყველა მათგანი მოკლულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა სინაის ნახევარკუნძულის იმ რაიონში განიცადა, სადაც შეიარაღებული მებრძოლები აქტიურობენ.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

 

 

 

 

იტვირთბა....