„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“, – ასე ეხმაურება პედაგოგი გია მურღულია სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში განახლებას.
როგორც ფილოლოგი სოციალურ ქსელში წერს, უბავშვებო სკოლა ძნელი საცქერია.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ და ეს საკამათო არ არის, მაგრამ… უბრალოდ, ძნელია ასეთი სიცარიელის უემოციო აღქმა. ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია.
დღეს ეკრანზე ყველა მათგანი ვნახე, მათი ხმა გავიგონე, პასუხები მოვისმინე, რაც დაგეგმილი მქონდა, ვასწავლე, დავალებაც მივეცი, ვისაუბრეთ და გავიღიმეთ კიდეც. ეს ყველაფერი დისტანციურად მოხდა. რას ვიზამთ – ვირუსმა ჯერჯერობით სხვა გზა არ დაგვიტოვა. რაც გარდაუვალია, იმაზე მოთქმა არ ღირს. გონიერი ადამიანები საქმეს ყოველგვარ ვითარებაში აკეთებენ. ამით განსხვავდებიან ისინი მიზნობრივად მოლაყბეთაგან.
დავამარცხებთ ჩვენ ამ ვირუსს – სკოლა არასდროს არავისთან აგებს ბრძოლას. არ შეიძლება, მომავალი რამეს ვაგლახად დაექვემდებაროს. ეს ყველაფერი ჩაივლის და საკლასო ოთახებს ჩვენი ბავშვები შეავსებენ – ფიქრით, სიცელქით, კითხვებით, პასუხებით, ძიებით.
მე მათ უკვე ვხედავ აქ. ამ სიცარიელეს გასაოცარი და მომნუსხველი სისავსე აქვს.
ისინი მაინც აქ არიან“. – წერს მურღულია.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, სასწავლო პროცესი საქართველოს დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ რეგიონში დისტანციურად განახლდა.