გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ადოკატები ამის მიზეზად მოსამართლის გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომელიც მტკიცებულებების დასაშვებობას გულისხმობს.
მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად, რასაც პროკურატურა ითხოვდა.
ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სხდომა დატოვეს, მოსამართლემ შესვენება მოითხოვა და საბადრაგო სამსახურს ბრალდებულების პროცესზე დაბრუნება დაავალა.
როგორ გაგრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სხდომა ჯერ უცნობია. სწორედ ამ სხდომის შემდეგ იგეგმება არასრულწლოვნების პროცესის გამართვა, სადაც მოწმეების, მათ შორის სრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა იგეგმება.