„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუას საქმის მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობის გამო”- ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, მოსამართლემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძლებს უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს.
“სამწუხაროდ, სასამართლო აღნიშნულ გზავნილებს უკვე საკუთარ გადაწყვეტილებებში მიუთითებს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზს ეყრდნობოდა, 2020 წლის 24 იანვარს წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარადგინა მოსაზრება, უპასუხა მხარეთა შეკითხვებს და დამატებითი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. ორგანიზაციამ მოსაზრებების შემუშავების ეტაპზე იხელმძღვანელა როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებითა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრეცედენტული საქმეებით,”- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი მოსაზრება იყო მიკერძოებული, დაცვის მხარის მხარდამჭერი და კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში არ წარმოადგენს არავითარ დასაბუთებას ან მსჯელობას და მხოლოდ მადისკრეტირებელი და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლება. მოსამართლეს სრულად იგნორირებული აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობა და შეფასებები.
შემაშფოთებელია, მოსამართლის ზედაპირული დამოკიდებულება სასამართლოს მეგობრის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. სათანადო დასაბუთების გარეშე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში გამოთქმული არგუმენტაციის შეფასებაზე უარის თქმა წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის უპატივცემულობას, კანონის მოთხოვნათა თვითნებურ ინტერპრეტაციას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას და უკიდურესად დამაზიანებელ ქმედებას, პირველ რიგში, სასამართლოს სისტემის მიმართ. ცხადია, ამას არაფერი აქვს საერთო სამართლის სფეროში აღიარებულ სტანდარტებთან. სამწუხაროა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური პოზიცია გამოხატა და ამით კიდევ ერთხელ ჩრდილი მიაყენა სასამართლოს,”- ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სტანდარტით, საფუძვლიანად შეისწავლის და შეაფასებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ არგუმენტაციას.