ნინია კაკაბაძე: “ვინც სასამართლოს ვერ ესწრებოდა, აქ ხალვაშის ლოგიკას დაუკვირდეს და ნახავს სინამდვილეში რა არის“
ტელეკომპანია კავკასიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო ჯანგირაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მოკლე სტატუსს კომენტარებში ხანგრძლივი და დაძაბული დისკუსია მოჰყვა, რომელშიც “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ჩაერთვნენ.
“მაინტერესებს: რომ გამოვიდე და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაღაც კომპანია მილიონ დოლარად ვიყიდე, დოკუმენტურად და ბუღალტრულად კი მხოლოდ 50 000 დოლარის გადახდა მქონდეს დაფიქსირებული, არ დამიჭერენ?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.
ერთ-ერთი პირველი მას ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა კომენტარით: „არა, არ დაგიჭერენ. ფულსაც დაგიბრუნებენ და კომპანიასაც“.
დისკუსიაში მალევე ჩაერთო “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში:
„ვინ უნდა დაიჭირონ, მოძალადებს არ იჭერენ, გამომძალველებს, შტატიან გამაუპატიურებლებს, ვინც კლავს, წვავს და სხვის ქონებას ითვისებს, ჩემს დაჭერამდე ბევრი საქმე აქვთ საკეთებელი. იქნება, ჩემს ნათქვამზე საქმე აღძრან ახალი გარემოებების გამო. მეც მაგას ველოდები“.
რადგან დისკუსია საკმაოდ გრძელია, „მეტრონომი“ მას დიალოგის სახით გთავაზობთ:
ნინო დანელია (ჟურნალისტი): ჯვარი აქაურობას და ჯერ ერთი ხელისუფლება რომ მიყენებდეს სხვისი ქონების ამხევად და მერე მეორე, იმიჯის შელახვაზე როგორ ვილაპარაკებდი :)) მილიონები რომ მეტარებინა ჩანთით და ოფიციალურად დამემალა ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ფული მეთეთრებინა, მერე მეთქვა, ლოგო მე დავხატე და “უკანასკნელი გმირი” მე შევქმენიო, რაღაც ციფრები წარმედგინა სასამართლოზე უბეჭდო, უბლანკო ქაღალდზე, რომელზეც ხელმომწერს არ აქვს საბუთი, რომ ის ფინანსური მენეჯერი იყო, მერე მთავარ მოწმეს რომ ეთქვა, ჩემი მოწინააღდეგის ადვოკატისთვის, “ჯენერალ მოტორსის” სახელით რომ წარმოგედგინათ იგივე დოკუმენტი, უარს არ გეტყოდით დამტკიცებაზეო, ძალიან შემრცხვებოდა როგორც ორი ქვეყნის – საქართველოს და გერმანიის მოქალაქეს, როგორც ბრძანეთ. ისე, ცნობისთვის, არცერთ ამ ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. სიმართლეს ნეტა ცხოვრების რა ეტაპზე ლაპარაკობთ? რად გიღირთ ასეთი თავის მოჭრა საქვეყნოდ და საშვილიშვილოდ?
ქიბარ ხალვაში: ძალიან ბევრი იცით თქვენ, არა? იმ საბუთს ბეჭედი არ ჭირდება, ხელმოწერა საკმარისია. ბეჭედს იურიდიული პირი ადებს, კერძო პირი ბეჭდებით არ დადის. ის რაღაც ფურცელი არის კომპანიის ბალანსი, რომელიც იყო 2006 წლის ნოემბერში. მილიონებს ჩანთით, თქვენ რომ იცავთ, ისინი ატარებდნენ, ქვეყანა რომ გადაიყოლეს და ახალი წესრიგი შექმნეს. შემეშალა რომ მათთან ვმეგობრობდი. შესაბამისად მე ჩემი წილი დანაშაულის ვიზღვიე, ჩემს მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ერთად. ასე რომ, ჩემი ჯერი მორჩა. არავისთვის არაფერი არ “ამიხევია”‘- თუ გინდა, დაგიმტკიცებთ, თქვენ რომ თვლით, იმ ახეულებთან ერთად. ოღონდ მიშას რამეს ავახევდე და ნამუსი არ შემაწუხებს. ეს გაცილებით ნაკლებია რაც მიშამ და თქვენმა მეგობრებმა მაზარალეს. ხატვაც ვიცი , შრომაც და მათემატიკაც და ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული “რუსთავი 2”-სთვის, იმაზე მეტი ვიდრე გვარამიას უკეთებია. თქვენგან განსხვავებით, ადამიანებს პირად შეურცხყოფას არ ვაყენებ, არც პირადი ინიციატივით და არც სხვისი მითითებით. პაიკები მოიკითხე მიშას ჯარში, ყველა უნდა გაიწიროს იმისთვის მეფე რომ გადარჩეს. იმედია მაგ საქმეს მოვიგებ და ვინ პაიკია და ვინ შვანცკი ვნახავთ.
ნინო დანელია: არა, რას ბრძანებთ, 2015 წელს ზედმიწევნით ემახსოვრებოდა 2004-2006 წლის ბუღალტერია. მისი ბიზნესი არ ვიცი და სააკაშვილის დროს, როგორც ოქრუაშვილის ძმაკაცი, რომ გამოიყენეს და სხვისთვის აახევინეს ტვ, ეს ვიცი კარგად.
ნინო დანელია: ხატვა რომ იცით, არც ამაში მეპარება ეჭვი, ოღონდ, რუსთავის ლოგო არ დაგიხატავთ. შოუების გაკეთებაც რომ იცით, არც ამაში მეპარება ეჭვი, ოღონდ უკანასკნელი გმირი და ფორტ ბოიარდი თქვენ არ შეგიქმნიათ. ურცხვად კი ამტკიცებთ ამ ორი რამის ავტორობას, რაც ზუსტად იცით რომ არ გაგიკეთებიათ. ცხადია ამას რატომაც აკეთებთ. იმასაც ამბობთ, ორი ქვეყნის მოქალაქე ვარო და არ ხართ. 7 მილიონი ჩემოდნით მივიტანეო, თქვენ თქვით, მე მხოლოდ თქვენი ნათქვამი გავიმეორე. ხოდა სირცხვილია ეს. რა თქმა უნდა, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად გაიმარჯვებთ, ურთმელიძის დედის ნაჯახის შემწეობით და დიდი ბიძინას მადლით. მაგრამ წინ რა გელით, ამაზე დაფიქრებულხართ? არცერთი ხელისუფლება ცას არ გამოკერებია, ვერც თქვენი ქომაგები მოახერხებენ ამას. მეტიც, გადაყვებიან თქვენს ქომაგობას და ქვეყნის გადაყოლებასაც ცდილობენ. როგორც გერმანიის მოქალაქეს, გირჩევთ “ვაშინგტონ პოსტის”, “ნიუ-იორკ თაიმისის”, “ფიგაროს” სტატიები წაიკითხოთ თქვენს პროცესზე და ნახოთ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეფასება.
ქიბარ ხალვაში: არ ემახსოვრებოდა, მე მქონდა სახლში კომპიუტერში და ამოვბეჭდე. აი “რუსთავი 2”-ელებს რომ შეეძლოთ ყალბი დოკუმენტის საპირწონედ ორიგინალური დოკუმენტი 10 წუთში “ონლაინრეჟიმში” ამოეღოთ და რაც სიმართლეა ის ეჩვენებინათ, ხომ არ იქნებოდა დღევანდელი 6-საათიანი მასკარადი საჭირო. რატომ არ გააკეთეს. კლოუნადააა პირდაპირ. მე ოქრუაშვილთან იმდროინდელი მეგობრობა მთელი ცხოვრება დამიჯდა. აი თქვენ ჩემზე უკეთესი რატომ ხართ? ვინმემ რამე წაგართვა ბოკერიას მეგობარი რატომ ხარო? ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ დიახ და არ მომიტყუებია. ლოგოც და ახალი პროგრამებიც ჩემი ინიციატივით და ჩემი რესურსებით შეიცვალა და ლიცენზიების უფლება შევიძინე რომ ბანკროტი და ჩაფლავებული კომპანია წუმპედან ამომეყვანა.
ნინო დანელია: და ამაში 0 თეთრი გადაიხადეთ? სადაა სასამართლოზე მტკიცებულებები, ლოგოს ჩანახატები სადაა? ლიცენზია ტრანსლირების უფლებას ნიშნავს, არ იცოდით? აი, მაგალითად, რომელიმე ავტორის წიგნის თარგმნა რომ გვინდა, საავტორო უფლება რომ არ დავარღვიოთ, ვითხოვთ თარგმნის უფლებას და ამაში ვიხდით ფულს. ხო გადაირივნენ ის პროფესორები, ამის მერე რომ ვუთხრათ თქვენს წიგნებზე საავტორო უფლება გვაქვსო :)) უი, თქვენ გქონდათ კომპში და ვითომ იმის დაწერილად გაასაღეთ? ღმერთო დიდებულო :))
ნინია კაკაბაძე: ეს /ხალვაში/ რა მაგარი კაცია, მოპასუხე მხარეს თხოვს დამადასტურებელ დოკუმენტებს, როცა მოსარჩელეა და პრაქტიკულად არც ერთი დოკუმენტი არ წარუდგენია. მე ვამბობ, რომ ის კაცი ფინანსური დირექტორი იყოო, ამას არავინ ადასტურებს, დოკუმენტი არ აქვს და კიდევ მეორე მხარეს თხოვს დოკუმენტები რატომ ვერ მოიტანესო:)))))) ვინც სასამართლოს ვერ ესწრებოდა, აქ ხალვაშის ლოგიკას დაუკვირდეს და ნახავს სინამდვილეში რა არის.