ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის მიმართ საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე წერს.
როგორც კეკელიძე აღნიშნავს, კორონა-ვირუსი არსებობს და იარსებებს. მისი თქმით, ვირუსს ადამიანი მალე დაამარცხებს და დაიმორჩილებს.
“კორონავირუსის თემაზე თვეებია არაფერი დამიწერია. თავის დროზე, როცა პანდემია ფეხს იდგამდა და სახლში დარჩენით მისი შეკავება განმსაზღვრელად აუცილებელი იყო, არაერთხელ შეგეხმიანეთ და მცირე წვლილი ამ საქმეში, მგონი, მეც მიმიძღვის. ძალიან მცირე, ცხადია. მას მერე გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ მესაუბრა – შეუძლებელია საზოგადოებას გამუდმებით ველაპარაკო იმაზე, რაც ჩემი სფერო არ არის. ახლა მგონი დადგა დრო, ორიოდ სიტყვა გითხრათ. ბუნებრივია, მოკრძალებით და პატივისცემით:
კორონა-ვირუსი არსებობს და ამის ფონზე რამდენიმე რამ არსებობს, ძალიან სამარცხვინო:
1. სირცხვილია – ლაპარაკი იმისა, რომ კოვიდი მხოლოდ ავადმყოფებსა და მოხუცებს ებრძვის. დიდი და მრავლმხრივი სირცხვილი.
2. სირცხვილია – გამუდმებული დაცინვა იმ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ კორონა არ არსებობს. ზოგს და უმეტესს, მავნე გამონაკლისების გარდა, უბრალოდ უნდა, რომ არ არსებობდეს – ეშინიათ შიმშილის, შიმშილით სიკვდილის. ეს შიში უპირატესია კორონაზე. თუ დავცინებთ, მათ დავცინოთ, ვინც ამ ხალხს ზოგიერთი “მეგობრის” მიერ საგანგებოდ მომზადებულ ვიდეო-კლიპებს აწვეთებს და წამლავს.
3. სირცხვილია უკვე დაავადებულები ადამიანების ფოტოების ფრიალი – “აგერ ნახეთ როგორ დგას და დისტანციას არღვევს” ან ,,გუშინ დავინახე, ხუთი კაცი გადაკოცნა” თითქოს მე და შენც გუშინ არაერთხელ, ნებით თუ უნებლიეთ, არ დავარღვიეთ ეს წესი. სხვა მაგალითებითაც იოლად შეგვიძლია დისტანციისკენ მოწოდება.
კორონა-ვირუსი არსებობს და იარსებებს. უბრალოდ მას ადამიანი დაამარცხებს და დაიმორჩილებს. მალე, ძალიან მალე. გამოიყენეთ პირბადე დახურულ სივრცეში და დაიცავით დისტანცია.მე მეტს ვერაფერს გეტყვით“ – წერს გიორგი კეკელიძე.