ახალი ამბები პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური განცხადება

“მედიით  გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.”  – განაცხადა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილემ, ლევან იზორიამ სპეციალურ  ბრიფინგზე.

“გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პატრია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამა წლის 24 ოქტომბერს, უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე ჩატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო  ჩანაწერები. ჩანაწერების  მიხედვით, სააკაშვილი მათ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით  ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, “რუსთავი 2”-ის შენობასთან ბარიკადების აღმართვას სთავაზობს.

იტვირთბა....