ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვის“ პოლიტიკის დასრულება გამოაცხადა – იტყობინება სააგენტო „სინჰუა“. ამიერიდან ყველა ჩინურ ოჯახს ორი ბავშვის ყოლის უფლება ექნება.
„ერთი ოჯახი – ერთი ბავშვის” პოლიტიკა ამ ქვეყანაში 36 წლის წინ, 1979 წელს შემოიღეს და, ცალკეული რეგიონებისა და ეთნიკური ჯგუფების გარდა, ქვეყნის თითქმის ყველა ოჯახს ეხებოდა.
2013 წელს ჩინეთის მთავრობამ ეს წესი შეარბილა და ოჯახებს ორი ბავშვის ყოლის ნება დართო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი დედისერთა იყო.
იქამდე ქალაქელის წყვილების უმეტესობას მხოლოდ ერთი შვილის ყოლა შეეძლო, სოფლად მცხოვრებ ოჯახებს კი – ორის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი შვილი გოგონა იყო.
ადრე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთი ბავშვის პოლიტიკამ მკვეთრად შეანელა მოსახლეობის ზრდა, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედებებს ბევრი დასავლელი დემოგრაფი აკრიტიკებდა. მათი აზრით, ერთი ბავშვის პოლიტიკა მოსახლეობის ზრდის შემცირებაზე ნაკლებად აისახებოდა, სამაგიეროდ ბევრ არასასურველ ეფექტს იწვევდა. ამ ეფექტებს შორის დემოგრაფები ჩინეთის მოსახლეობის სწრაფ დაბერებასაც ასახელებდნენ. გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი 65 წელს გადაცილებული იქნება, ეს კი ახალ თაობას მოხუცებზე ზრუნვის უზარმაზარ პასუხისმგებლობას დააკისრებს.