“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მისი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმა განხორციელდა.
ვაშაძის თქმით, პარტიის წევრებზე თავდასხმა ვარკეთილში ხელმოწერების შეგროვების დროს მოხდა.
მისი მტკიცებით, თავდამსხმელთა ჯგუფი „ქართული ოცნების“ მხრიდან არიან.
„ვარკეთილის მეტროსთან მოხდა თავდასხმა ახალგაზრდა მოხალისეებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით. მერიის წარმომადგენლობა, სრულიად უკანონოდ, ათობით ათასი ლარის ჯარიმა გამოგვიწერეს. ამან რომ ვერ გაჭრა, გადაწყვიტეს, რომ დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმები ჩვენს აქტივისტებზე,”- აცხადებს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.
“მინდა პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებებებს, არ გაგივათ, თქვენი არავის ეშინია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ახალგაზრდები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ იმ ადამიანის დაკავებას, პოლიცია კი ვერ წყვეტდა დაეკავებინა თუ არა. როგორც ჩანს, გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. აბა რომელიმე ოპონენტს ხელი წასცდენოდა, რა თქმა უნდა ამაზე მყისიერი რეაგირება იქნებოდა. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ძალადობას. პრინციპულად ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა უსამართლობას გავაპროტესტებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძე ფაქტს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

