საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დაანონსა. მიხეილ სააკაშვილის მიზანი ამჯერად პრემიერ-მინისტრად მოსვლაა, თუმცა, მისი განცხადებით, არა სრული ვადით, არამედ ორი წლით, რაც “საკმარისი იქნება ქვეყნის ჭაობიდან ამოსათრევად.” როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, მისი მიზანი არა თანამდებობისა და სკამის დაკავება, არამედ ქვეყნის განვითარებაა.
“მეტრონომი” დაინტერესდა, ტექნიკურად, იურიდიულად რამდენად არის შესაძლებელი ყოფილი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი გახდეს და ქვეყნის მმართველობა “იტვირთოს”. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, არა თუ პრემიერ-მინისტრად გახდომის შესაძლებლობა, არამედ სამართლებრივად, პარტიულ საარჩევნო სიაში ყიფნის შესაძლებლობაც არ არსებობს.
“ეს კონსტიტუციით ცალსახად არის განსაზღვრული, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. პირველი პირობა ის გახლავთ, რომ ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობას, ამ თანამდებობაზე კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ პრემიერ-მინისტრად არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა. თუნდაც, ხელისუფლებამ მას მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, სანამ ის უკრაინის მოქალაქე იქნება, ის ვერ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი” – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ფაქტია, ექს-პრეზიდენტმა იცის, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა შეუძლებელია, თუმცა, მსგავსი განცხადებები მისთვის უკვე დამახასიათებელია. ამ შემთხვევაში რას ემსახურება სააკაშვილის განცხადებები? ვახტანგ ხმალაძე მიიჩევს, რომ ეს პოლიტიკური პოპულიზმია და ამის აღსრულების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
“ამ განცხადებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ვფიქრობ, უფრო არის პოლიტიკური პოპულიზმი, რომ ამით ამხნევებს თავის მხარდამჭერებს. თითქოს ეუბნება, რომ “მე ჩამოვალ და გავხდები პრემიერ-მინისტრი.” საქართველოში სააკაშვილს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღემდე და ეს განცხადება მათი სიმტკიცის გასაზრდელადაა მიმართული.
არათუ პრემიერ-მინისტრი, საარჩევნო პარტიულ სიაში ყოფნაც კი, თუნდაც ამომრჩევლად, შეუძლებელია. მას ამის უფლება არ აქვს” – განაცხადა “მეტრონომთან” ვახტანგ ხმალაძემ.
თამარ შუკვანი